“რუსეთი პრაგმატულად რომ უყურებდეს საკითხს, მის ინტერესებში შევიდოდა საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას ქალაქ ამბროლაურში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის საგარეო კურსზე და რუსეთის ფაქტორზე ისაუბრა:
”საქართველოს საგარეო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და ეს საკითხი აისახა კონსტიტუციაშიც. ცალკე მუხლი დაეთმო საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს ჩვენი კურსი არის ურყევი. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ვიცით ჩვენ აქ რა სირთულეები და რა პრობლემები გვაქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ პრობლემები, თუმცა ეს იოლი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ, პრობლემების მიუხედავად, არის შენარჩუნებული ხალხებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა და ის დაპირისპირება, რაც არსებობს რუსეთის ხელისუფლებასათნ არ გადადის ხალხებს შორის.
უამრავი ტურისტი ჩამოდის. იცით პროპაგანდა იყო რუსეთში, რომ თითქოს საქართველოში მათ მიმართ აგრესიაა. ჩამოდიან ჩვენთან რუსები და რწმუნდებიან რომ ხალხებს შორის მშვიდობიან ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რუსეთი პრაგმატულად რომ უყურებდეს საკითხს, მის ინტერესებში შევიდოდა საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება, თუმცვა მათი დამოკიდებულება სამწუხაროდ, არ არის პრაგმატული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.