საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას დღეს ქუთაისიდან დაიწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 15 მაისს თბილისში დასრულდება. იქამდე კი კომისია მოივლის ამბროლაურს, ოზურგეთს, ბათუმს, ზუგდიდს, ახალციხეს, გორს, თელავს, მცხეთასა და რუსთავს.
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის ახლებურ დებულებების მიხედვით იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიკუთვნება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ამგვარ ფორმას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ დოკუმენტი, რომელიც ყოველგვარი კონესუსის გარეშეა შექმნილი, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერაა ხელმოწერილი. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს კოსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრები მანამდე დაიწყო, ვიდრე საორგანიზაციო კომისია დაიწყებდა. პრეზიდენტმა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეხვედრები რეგიონებში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში გამართა.
საჯარო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო პროცესში ჩაერთვება „ევროპული საქართველო“.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ხოლო სავალდებული დასკვნების წარმოდგენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ხელმოწერით მხარი 108 დეპუტატმა დაუჭირა.