“ეს ადამიანი უკუღმა სიარულის სპეციალისტად ჩამოყალიბდა და კიდევ, ცარიელ ადგილზე კონფლიქტის და აურზაურის სპეციალისტად. არადა, რა სამწუხაროა”- ასე შეაფასა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
საქმე ეხება 162-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესებს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სკოლის პედაგოგები პირველ გიმნაზიასთან გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ განათლების სამინისტრო ოპტიმიზაციას და შემცირებებს გეგმავს.
“სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმით ოპტიმიზაცია არ იგეგმება, არამედ ვცდილობთ, სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო”- ასე შეაფასა ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნულ სკოლაში მიმდინარე პროცესები.
თინათინ ხიდაშელი კი განათლების მინისტრის ამ განცხადებას აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში ვრცელ ტექსტს აქვეყნებს:
“დასაწყისისთვის ჩემი შვილი სწავლობს 162-ე სკოლაში.
1. განათლების სამინისტრო ტელევიზორით არ უნდა ელაპარაკებოდეს საკუთარ თანამშრომელბს; მერე დაარქმევენ მის-კომუნიკაციას.
2. არავითარი დიალოგი, მოლაპარაკებები არ ყოფილა სკოლებს შორის. იყო ერთი შეხვედრა ორ დირექტორს შორის, პირველი ექპერიმენტულის კლასების ფიზიკურად 162-ეში გადმოტანაზე. სამინისტრომ 162-ს დირექტორს ურჩია მასწავლებლებს ჯერ არ გააგებინო ეს ამბავიო (დღეს სამინსტროს წარმომადგენლემა ეს დაადასტურა პედაგოგებთან და მშობლებთან);
3. დირექტორმა ერთპიროვნულად მოაწერა ხელი მემორანდუმს ხელი რომელშიც ზოგადი ფრაზებია და არაფერი წერია სინამდვილეში ფართო თანამშრომლობა გვექნებაო ? ყველაფერს შეიძლება ნიშნავდეს;
4. არადა მარტივი ამბავია,
— სკოლა არის შენობა, იმდენი კვადრატულით რამდენიც აქვს. იმდენი საკლასო ოთახით რამდნეიც აქვს და იმდენი პედაგოგით რამდენიც ყავს.
— კლასში 40 ბავშვი არის კატასტროფა და რეალურად განათლებაზე უარი, განსაკუთრებული გამონაკლისი გენიოსი ბავშვების გარდა, რომლებსაც სავარფუდოდ ისედაც ფორმალურად ჭირდებათ სკოლა
— სამინისტრო, თავისი კურატორებით, დეპარტამენტებით და სამმართველოებით იმიტომ არსებობს რომ ელემენტარული წესები დაადგინოს და დაარეგულიროს.
— რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს კლასში მაქსიმუმ;
— რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს x კვადრატულ მეტრ შენობაში / მინიმუმ ხომ უნდა ისუნთქონ და მორიგეობით არ იარონ დერეფანში?
5. თუ ამ ელემნეტარულ ამბებს არ მიხედავენ, ნებისმიერი სკოლა შეიძლება მოკლა ხელოვნურად, ეს ადვილია, ვიცით დემონიზაცია ან გაფეტიშება რა ადვილია დღევანდელი საინფორმაციო ველის გათვალისწინებით;
და კიდევ რამდენი შემიძლია დავწერო,
მაგრამ რატომ ქმნით ცარიელ ადგილზე კონფლიქტს ეს ვერ გავიგე”- წერს ხიდაშელი facebook-ზე.
162-ე საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ფანცულაია კი გადადგომასა და პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას გეგმავს.
ამავე სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ მოსწავლეები და მშობლები გაფორმებული მემორანდუმის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ, შესაბამისად, პედაგოგთა კოლექტივი მემორანდუმის გაუქმებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დილიდან სწავლის პროცესი ჩაიშალა. პედაგოგები პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პირველი ექსპერიმენტული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები 162-ე სკოლაში ივლიან.
პედაგოგები შიშობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა 162-ე სკოლაში კადრების ოპტიმიზაცია მოხდეს.