“დავით დევნოზაშვილი დამემუქრა, ვიცით შენი შვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს და შეიძლება ერთ დღეს სკოლიდან გამოსულს ქუჩაში მანქანა დაეჯახოსო”, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის დავით დევნოზაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა. პროცესს თავად დევნოზაშვილიც ესწრებოდა.
აბდალაძის თქმით, დევნოზაშვილთან ერთად მასზე ზეწოლას ახორციელებდა ციხის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად “დინამოს” ბაზის დაცვის სამსახურში მუშაობს.
აბდალაძე ამბობს, რომ მას არ ახსოვს გვარი, მაგრამ იცის, ამჟამად მუშაობს “დინამოს” დაცვის ბაზაში.
“ამოვიცანი, 24 საათი დევნოზაშვილთან ერთად იყო და ჩვენზე მუშაობდა” – აცხადებს აბდალაძე.
“მომთხოვეს ეკა ბესელიას აცილება. მე ეს გავაკეთე, მაგრამ ეკა ბესელიამ ჩემ ჩვენებას წარწერა გაუკეთა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემს მიერ წარმოთქმულ ცრუ ჩვენებას და სწორედ ეს დეტალი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ბესელია მოწმედ იქნება სასამართლოზე”, – განაცხადა გია აბდალაძემ.
როგორც აბდალაძე აცხადებს, მისი ვერსიაა, რომ 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო დასაჯეს და სავარაუდოდ, გამოძიებაც აქამდე აუცილებლად მივა.
“მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები”, – განაცხადა ფოტოგრაფმა.