ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხობს. აღნიშნულ განცხადებებს უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციად აფასებს:
“ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა. ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი. არაერთი განცხადება მოვისმინეთ მათ შორის პარლამენტარებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და სამწუხაროდ ეს უკვე ტენდენციის სახით ჩამოყალიბდ”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი მიუღებელია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და შენიშვნები, მათ შორის “რუსთავი 2”-ის საქმეზე.
„არის გარკვეული თემები, სადაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ბატონ უჩას და მის წარმომადგენლებს, მათ შორის რუსთავი 2-ის თემასთან დაკავშირებით. არ იყო მითითებული, რომ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, უბრალოდ გარკვეული კითხვის ნიშნები იყო გამოთქმული მაგრამ ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი,“-აცხადებს სოფიო კილაძე.
გუშინ ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშის განხილვა, პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მთავარი თემა “რუსთავი 2”-ის საქმე, სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში არსებული ხარვეზები იყო.