ექსკლუზიური ინტერვიუ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროს, მარინა დარახველიძესთან
ავტორი: მანა ნოდია
ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ ეჭვი საზოგადოების ნაწილში დიდი ხანია არსებობს. რამდენიმე დღის წინ კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე, თაკო მათეშვილი აღწერდა, თუ როგორ გამოუწერა ექიმმა მის შვილს არასაჭირო მედიკამენტი. შემდეგ მან სატელეფონო ზარიც მიიღო ე.წ. „წამლების მონიტორინგის სააგენტოსგან“, რომელმაც შეამოწმა, ექიმმა თუ დაუნიშნა მას აღნიშნული წამალი. ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილში ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა.
თაკო მათეშვილის ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ექიმმა მცირეწლოვანს ძვირადღირებული და როგორც მოგვიანებით გაირკვა, არასაჭირო მედიკამენტი დაუნიშნა. რაც მთავარია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ეს დედასთან არც უარყვია და მისი არგუმენტი მხოლოდ ის იყო, რომ კონკრეტული, არასაჭირო წამალი, „ბავშვს არაფერს ავნებდა“.
რა შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მიერ ანგარებით დანიშნულმა მედიკამენტმა, ამაზე საუბარიც კი არ ღირს. „მეტრონომი“ ამ თემაზე პასუხების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა – უწყებას, რომელსაც ევალება ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ რესპონდენტს ვთხოვეთ განმარტება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე იმ პერსონის ქმედების მიმართ, რომელმაც, როგორც თაკო მათეშვილი ამბობს, წამალი არასწორად გამოწერა. კითხვებზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ გვიპასუხა.
“მეტრონომი“: საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს აზრი, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და ამის გამო, ხანდახან, მკურნალობისთვის არაშესაბამის მედიკამენტებს წერენ. რამდენად ცნობილია ამგვარი შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროსთვის?
მარინა დარახველიძე: მედიის საშუალებით გავრცელებულ ამგვარ პუბლიკაციებს გავეცანი. თუკი ადამიანები კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ეს მათ ცხოვრებაში მოხდა, არ შემიძლია საწინააღმდეგო ვამტკიცო. მე შემიძლია ის ვთქვა, რომ ამას სისტემურს ვერ ვუწოდებთ.
თუკი ეს ადამიანი მოვიდოდა, საჩივარს დაწერდა, ამ საჩივარს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი, კომპეტენტური ორგანო შეისწავლიდა, ამის შემდეგ გვექნებოდა მსჯელობის ობიექტური საფუძველი – რა და როგორ მოხდა. მე როგორც ჯანდაცვის მენეჯერი, ორგანიზატორი, რომელსაც ევალება ამგვარი საკითხის შესწავლა, როგორც პროფესიული საბჭოს წევრი, განცხადების შემთხვევაში თვალ-ყურს მივადევნებდი და თუკი დადასტურდებოდა ექიმის მიერ კანონდარღვევის ფაქტები, პაციენტის სამედიცინო დახმარების ხარისხში გამოვლენილი ნაკლოვანებები, ამ შემთხვევაში პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებდა ამ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით, არამედ გულისხმობს საქმიანობიდან ერთი თვიდან ექვსი თვემდე ვადით ჩამოშორებას. მძიმე შემთხვევაში კი, პრაქტიკაში ექიმის სერთიფიკატის გაუქმებაც მქონია. ამდენად, მე შემიძლია პაციენტებს შევთავაზო ის, რის უფლებასაც კანონი გვაძლევს: თუკი ასეთი შემთხვევები მათ ცხოვრებაში დაფიქსირდება, მოგვმართონ განცხადებით და ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს.
– გარდა იმისა, რომ პაციენტებს შეუძლიათ განცხადებით მომართვა, თავად სამინისტროს რა ბერკეტები აქვს ამის საწინააღმდეგოდ, თუ მიმდინარეობს მონიტორინგი ამგვარი ფაქტების გამოსავლენად?
– ასეთ თემებზე მონიტორინგს არ ვახორციელებთ, რადგან მონიტორინგს უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული, ობიექტური გარემოებები. ეს უფრო შემოწმების თემაა. თუკი დადასტურდა, რომ პაციენტს არ სჭირდება და გარკვეულ სამედიცინო პრეპარატს ფინანსური დაინტერესების მიზნით უნიშნავენ, ეს კანონდარღვევაა. კანონი კრძალავს ასეთ ქმედებას და ამბობს, რომ არ შეიძლება ექიმმა პირადი გარიგების მოტივით, ან რეკლამირება გაუწიოს, ან ასეთი, დანაშაულებრივი კავშირი დაამყაროს ფარმაცევტულ კომპანიებთან და ამის საშუალებით ფინანსური დაინტერესება მიიღოს. ეს არის სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხი, რომლის ამაღლება, ექიმის პროფესიონალიზმი, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პირობების შემოწმება – ეს ჩვენი რუტინული საქმეა, რომელსაც ყოველდღიურად ვახორციელებთ, არამხოლოდ პირადი საჩივრების საფუძველზე, არამედ სალიცენზიო სანებართვო პირობების შემოწმების საშუალებით. ხდება ასევე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების შესწავლა. კომპლექსური შემოწმებები ტარდება გარკვეული გეგმა-გრაფიკით. სხვადასხვა მეთოდები არის, რომელიც დღეს გამოიყენება. ის, რომ მასიურად მიმდინარეობდეს ზედამხედველობა, თუ რომელი ექიმი რა მედიკამენტს ნიშნავს – ეს წარმოუდგენელია. თუმცა ერთი საშუალება, რომელიც ზედამხედველობის უფრო მასიურ და მძლავ იარაღამდე მიგვიყვანს, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. ამით საშუალება გვექნება უფრო სისტემური მონიტორინგი ვაწარმოოთ, რა მედიკამენტები რა სიხშირით იწერება, როგორია მათი მათი დანიშნულება თუ გამოყენება… თუ ანომალიურ მოვლენებს ან ნორმიდან არაჯანსაღ გადახრას ექნება ადგილი, ეს დაინტერესების საკითხი გახდება. ამ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტი განხორციელების ფაზაშია, ჯერ მასიურად არ გამოიყენება, რადგან ახლა, ქაღალდის და ელექტრონული რეცეპტია გამოყენებაში და საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ტრეინინგის პროცესი. ამას გარკვეული დრო სჭირდება და ქვეყნის სხვა მახასიათებლებთან თანხვედრაში, როგორიც არის მაგალითად საყოველთაო ინტერნეტიზაცია, ჩვენც შევძლებთ, გარკვეული პერიოდის მერე, ეს იყოს მანდატორული სისტემა, რაც გაგვიძლიერებს მონიტორინგის საშუალებებს.
– თავად თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო წარმომადგენელთან კავშირს შეხვდით?
– კონკრეტულად ასეთ შემთხვევას, რომელიც პროფესიული საბჭოს განხილვის თემა იქნებოდა, ვერ ვიხსენებ. თუ შემთხვევა პროფესიული სამსახურის მიერ განხილული და ობიექტური მტკიცებულებებით გამყარებული არ იქნება, რთულია ჩემი მხრიდან ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი.
– რას ურჩევთ პაციენტებს, თუ მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა?
– ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართონ. მათი საჩივარი დეტალურად იქნება შესწავლილი, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი რეაგირება სათანადოდ მოხდება. როგორც აღვნიშნე, ჯანდაცვის სამინისტრო, ასეთი კავშირის შემთხვევაში (ფარმაცევტული კომპანია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი), პირდაპირ ითვალისწინებს ექიმის პასუხისმგებლობას, რადგან ექიმმა პაციენტთან ურთიერთობისას არ უნდა ისარგებლოს ფინანსური დაინტერესებით, ან გარიგებით რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან. ისიც კი არის აკრძალული, რომ პროფესიული საქმიანობისას რეკლამა გაუწიოს რომელიმე მედიკამენტს. საზოგადოების ჩართულობა საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით აუცილებელია – პაცინეტმა უნდა განაცხადოს, როცა მისი უფლებები იღვევა, რადგან ჩვენ შეიძლება ფაქტის აღმოჩენა გაგვიჭირდეს, თუ ამის შესახებ განცხადება არ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რუტინული კონტროლის შეთხვევაში ასეთ ფაქტებს წავაწყდებით.