ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა იცი როდის რას დააბრეხვებს “ტვიტერზე”: გია ნოდია ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს აფასებს

პოლიტოლოგი გია ნოდია აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის 100 დღეს სოციალურ ქსელში აფასებს:

“ამასობაში, ტრამპის პირველი ასი დღეც მორჩა. წესით, ერთგული ტრამპისტი, ვინც მისი წინასაარჩევნო დაპირებების გამო მისცა ხმა, გაწბილებული უნდა იყოს. არც ობამაქეარის გაუქმება მოხდა, მექსიკასთან კედლის იდეაზეც ჯერ კონკრეტული არაფერი ისმის, ნაფტას გაუქმებაზე უკან დაიხია და ა. შ. არადა, ეს ყველაფერი მალე უნდა მომხდარიყო. კი, TPP (წყნარი ოკეანის სავაჭრო ხელშეკრულება) ჩაკლა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ამას ჰილარიც აპირებდა და ეს მაინც უფრო პროექტი იყო.

სამაგიეროდ, ვისაც ტრამპის პრეზიდენტობის ეშინოდა, რომ ეს იქნებოდა Global regime change (ივან კრასტების ტერმინია), პირიქით, შვებით უნდა ამოისუნთქოს. ყველაზე ოდიოზური ფიგურებიდან, ჯერ მაიკლ ფლინი გააგდეს და შემდეგ სტივენ ბანონი ჩააჩოჩეს.  ახლა ეროვნული უსაფრთხოების დარგში საკმაოდ კომპეტენტური გუნდი ყავს (ობამასას ნამდვილად ჯობია). ნაფტას გაუქმებაზე, როგორც ვთქვი, უარი ითქვა. გადასინჯვა რას ნიშნავს, არავინ იცის. ტრამპმა აღმოაჩინა, რომ ნატო სასარგებლო ყოფილა და მეტიც, ევროკავშირიც არ ყოფილა დასაშლელი. ყველა რომ რუსეთთან დაძმობილებას ელოდა, პირიქით მოხდა. მეორეს მხრივ, ჩინეთთან ურთიერთობა არ გაუარესებულა. ზოგადად, მოლოდინი, რომ ტრამპის სტრატეგია იქნებოდა რუსეთთან დამეგობრება ჩინეთის გასაწონასწორებლად და სირიაში ერთობლივი მოქმედებისთვის, და ამაში უკრაინის მხარდაჭერა გაიცვლებოდა (მისი წინასაარჩევნო რიტორიკა ამას ცალსახად მიანიშნებდა), არ გამართლდა. და ა. შ.

ტრამპს მაინც რჩება მთავარი პრობლემა: არაწინასწარმეტყველებადი ფიგურაა, რომელსაც რა იცი როდის რა მოუვლის თავში და რას დააბრეხვებს შემდეგ ტვიტერის პოსტში. ჯერჯერობით წარმატებულ პრეზიდენტად ვერ ჩაითვლება, კონკრეტული მიღწევებით დიდად ვერ დაიკვეხნის, საკუთარი პარტიასთანაც უჭირს ურთიერთობა. ლაპარაკი იმაზეა, რომ გაფუჭებით დიდად არაფერი გაუფუჭებია ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის (საკუთარი პრესტიჟისთვის – კი, რაც რეიტინგზეც აისახება). ანუ საყოველთაო პანიკა და ისტერიკა არ ყოფილა გამართლებული. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ საბოლოოდ წარმატებული პრეზიდენტი აღმოჩნდეს, თუმცა ჯერჯერობით ამის ნიშნები ნაკლებადაა.

მთავარია: ამერიკის პოლიტიკური სისტემა მუშაობს, ამერიკა რჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად.”-წერს ნოდია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 100 დღის აღსანიშნავად პენსილვანიაში, ჰარისბურგში მხარდაჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ამერიკული მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ისინი ცრუ ინფორმაციის შექმნაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის მე-100 დღეს, ვაშინგტონში, თეთრი სახლში ამერიკელი კორესპონდენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ვახშამზე არ წავიდა და ამის ნაცვლად, პენსილვანიაში, მხარდამჭერების წინაშე მიტინგზე სიტყვით გამოსვლა გადაწყვიტა.

იტვირთბა....