კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ვახტანგ ხმალაძე დავით უსუფაშვილთან ერთად ახალ პარტიაში იქნება. მან აღნიშნული ინფორმაცია თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ეს არ იქნება პარტია, დაფუძნებული უსუფაშვილის, ხმალაძის ან კიდევ ვინმეს მიერ. ეს იქნება პარტია დაფუძნებული თანამოაზრეების მიერ. ახალმა პარტიამ უნდა მოახერხოს ის, რომ საზოგადოებრივი-პოლიტიკური ურთიერთობები განვითარდეს თანამშრომლობის გზით და არა ურთიერთდაპირისპირების გზით, რასაც ვხედავთ მთელი ამ 25 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა. პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება იქნება.