ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუჩის დანაგვიანებაზე ერთ კვირაში 10 000 ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა

გარემოს დაბინძურებისთვის ფულადი ჯარიმების ამოქმედებიდან ერთი კვირის გასვლის შემდგომ “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექციამ 71 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. აქედან 6 იურიდიული პირი, ხოლო 18 უცხოეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის გარემოს სამშენებლო ნარჩენით დანაგვიანებაზე დაახლოებით 7 პირი დაჯარიმდა.

„თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილის ლევან გოგუაძის განაცხადებით, ქუჩების დანაგვიანების კუთხით გამოკვეთილი ასაკობრივი ჯგუფი არ არსებობს. გოგოძის თქმით, ახლანდელი მონაცემებით, საერთო ჯამში ჯარიმებმა სულ 10 760 ლარი შეადგინა.

„ახლანდელი მდგომარეობით 71 საჯარიმო ოქმია დაწერილი, რაც თანხობრივად სულ 10 760 ლარი შეადგინა. აქედან  6 იურიდიული პირი, ხოლო 18 უცხოეთის მოქალაქეა. რაც შეეხება ჯარიმებს, ის ძირითადად 80 ლარიანია, რადგან ყველაზე ხშირად დაჯარიმება სიგარეტის ნამწვზე, მზესუმზირისა და ფურცლების დაყრაზეა.” – განაცხადა გოგოძემ.

აღმოჩნდა, რომ კვირაში ორი დღის განმავლობაში გარეუბნების შემოწმებაც ხორციელდება და უკვე რამდენიმე მათგანზე პირების დაჯარიმებაც მოხდა.

„ჩვენ ამჟამად ათი ეკიპაჟი გვყავს, თითო ეკიპაჟში ორი ადამიანია. ძირითადად ცენტრალურ უბნებზე ვმუშაობთ, თუმცა კვირაში ორი დღე გარეუბნებში გასვლაც ხდება. დიღომში, ნაძალადევსა და სამგორში უკვე თითო ადამიანი დაჯარიმდა.” – განაცხადა ლევან გოგოძემ.

როგორ ცნობილია,  “თბილსერვის ჯგუფის” მონიტორებმა ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყეს. ქუჩების დანაგვიანებისთვის ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდე მერყეობს:
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.

წყარო: “კომერსანტი”

იტვირთბა....