ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“მაკრონი ტერორიზმთან ბრძოლაში სუსტია”

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დარწმუნებულია, რომ 7 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას შეძლებს. აღნიშნული განცხადება მარინ ლე პენმა დღეს ქალაქ რუვრუაში ვიზიტისას გააკეთა.

„ჩვენ არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებული არ ვართ. მყარ პოზიციებზე ვრჩებით. წარმატებულად გამოვალთ არჩევნების მეორე ტურში. ჩვენი მოწინააღმდეგე მაკრონი სუსტია. მას, კერძოდ, ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის სათანადო პროგრამა არ გააჩნია“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.

„ეს არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმია იმის თაობაზე დაშვებულ უნდა იქნას თუ არა გლობალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრანგებმა ცხადი და აშკარა არჩევანი უნდა გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგების უმრავლესობა გლობალიზაციის წინააღმდეგია“, – აღნიშნა „ეროვნული ფრონტის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.

ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....