,,ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ქვეყანას არ ჰყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ოპონენტებისა და მოქალაქეების უკანონო კონტროლშია ჩართული.
„ჩვენ არ გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და ებრძვის სახელმწიფოს აგენტურას, რომელიც ებრძვის ტერორიზმს. აქ არის სამსახური, რომელიც მხოლოდ მმართველი ძალის და არაფორმალური მმართველის ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის არის მიმართული. გვქონდა კითხვები, თუ რა ხდება კონტრდაზვერვის მიმართულებით. რატომ არის სუს-ი პოლიტიკური ოპონენტებისა და ჩვენი მოქალაქეების უკანონო კონტროლში ჩართული და არა ქვეყნის ინტერესების დაცვაში. ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. პოლიტიკურად თავხედური და ცინიკური დამოკიდებულება იყო პოლიტიკური გამოსვლების დახურვაც“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ პარლამენტში დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარუდგინა.
იტვირთბა....