ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, თელავის ყოფილი გამგებლის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება თელავის რაიონის სოფელ კისისხევში განხორციელდა. უწყების ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი პირადი ჩხრეკისას მაკაროვის ტიპის პისტოლეტი ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიებ სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში გუშინ დაჭრეს. მას ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. დავითაშვილს მკურნალობის კურსი თელავის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....