თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის კრიტიკას პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ რეფერენდუმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული კამპანია არ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს, ამის შესახებ როიტერი იტყობინება.
“იცოდეთ თქვენი ადგილი! არ მოვუსმენთ პოლიტიკურად მოტივირებულ მოხსენებებს, რომელსაც თქვენ ამზადებთ,” – ეს იყო ერდოღანის პასუხი.
ეუთო-ს ცნობით, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს.
ერდოღანი კი ევროკავშირის შეფასებას “დასავლეთის ჯვაროსნულ მენტალობას” უწოდებს, იუწყება როიტერი.
დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უფრო მეტად იყო გაშუქებული “თანხმობა” და ჟურნალისტებისა და მედიაგამოცემების მიმართ გატარებულმა ღონისძიებებმა ჩაახშო განსხვავებული აზრი.
“საზოგადოდ, რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს, საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო ადეკვატური ნამდვილად დემოკრატიული პროცესის წარსამართად”, – განაცხადა ცეზარ ფლორინ პრედამ.
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ესალმება მხარდამჭერებს დამკვირვებლებს არ წარმოუდგენიათ დარღვევის კონკრეტული ფაქტები. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, მიღებულ ხმებად ჩაეთვალათ უბეჭდო ბიულეტენები, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.
სწორედ უბეჭდო ბიულეტენების არსებობის გამო დაიწყო თურქეთის ოპოზიციამ რეფერენდუმის კრიტიკა და მოითხოვა, რომ ხმების 60% ხელახლა დაეთვალათ.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ რეფერენდუმის დროს მიღებული ხმები არის ვალიდური და საარჩევნო კომისიას მანამდეც ჩაუთვლია უბეჭდო ბიულეტინები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა.
თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მონაწილეთა უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
CNN-ის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ძალაუფლების მქონე, პრემიერმინისტრის თანამდებობა კი გაუქმდება. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ვიცეპრეზიდენტებს. ასევე პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, რომ უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 5 დანიშნოს. ამ ცვლილებების შედეგად, თეორიულად, ერდოღანს ექნება შესაძლებლობა 2029 წლამდე დარჩეს კაბინეტში.