ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეი ლავროვს ხვალ სოხუმში ელოდებიან

სერგეი ლავროვს სოხუმში ხვალ ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვი რაულ ხაჯინბას შეხვდება. რუსი მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში.

„ასეთ ვიზიტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოსთვის. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს პარტნიორებს და როგორც წესი ასეთი შეფასებები მსოფლიოს მხრიდან და მოწოდებაა იმისა, რომ უკან წაიღონ თავისი აღიარება, ეს მუდმივი დღის წესრიგის საკითხად რჩება,“ – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ზაზა ხუციშვილმა.

ოპოზიცია კი, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების შერბილებულ პოლიტიკაზე საუბრობს, რასაც მათი მტკიცებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის გააქტიურება მოჰყვა შედეგად.

„ეს არის ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება. ის, რომ მოსკოვი ასე იქცევა, მათ შორის გამოძახილია საქართველოს ხელისუფლების ზოგადად პასიური პოლიტიკის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით,“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა კი აღნიშნა, რომ კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„მიუხედავად, ხელისუფლების შეცვლილი პოლიტიკის რუსეთის მიმართ, არავითარი საპასუხო ნაბიჯი არ კეთდება, პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – აცხადებს გიგი წერეთელი.

იტვირთბა....