საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მისი პარტიის ფორმირების გრაფიკს, არჩევნებში მონაწილეობის ფორმატს და თბილისის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაახლოებით 10 დღეში ექნება პრესკონფერენცია, სადაც ყველა პოლიტიკურ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს და ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.
”იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც მაქვს საუბარი, აქტიურად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მონაწილეობა იქნება იმ კონტექსტში, რომ პოლიტიკური ძალა მოემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის, ასევე მერობის კანდიდატთან დაკავშირებით კანდიდატურად კონკრეტულ პიროვნებას დავასახელებ. მე ვიქნები თუ სხვა, ამას მომავალში გაიგებთ. რაც შეეხება პარტიას, პარტიის მშენებლობის პროცესი ხანგრძლივი და სერიოზულია, მაგრამ ზოგადად პარტიის ფორმირების გრაფიკს, არჩევნებში მონაწილეობის ფორმას და მერობის კანდიდატს მალე პრესკონფერენციაზე დავასახელებ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ კიდევ ერთ ყოფილ წევრ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თინა ხიდაშელს უახლოეს ხანებში პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
”თინა ხიდაშელი უფრო მეტად იქნება ჩემს გვერდით, ოღონდ არა პოლიტიკურად – მეორე გვერდით. პოლიტიკურად, უახლოეს ხანებში მას გეგმები არ აქვს. სხვა უფრო საინტერესო საქმეებით აპირებს დაკავებას”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.