“უსაფრთხოების სამსახური დიდი ალბათობით, თავად მონაწილეობდა ამ აფეთქების დაგეგმვასა და განხორციელებაში, სწორედ იმიტომაც არ იძიებს ის ამ საქმეს” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გივი თარგამაძემ მასზე განხორციელებულ სავარაუდო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც მისი ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს.
მან დღეს, სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეს კითხვით მიმართა:
„რატომ არ ეძლევა, თქვენი აზრით, ამ საქმეს, ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია და რატომ არ არის მოწადინებული საქართველოს სახელმწიფო სამსახური, მან გამოიძიოს ეს საქმე და არა შსს-მ,“
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, გივი თარგამაძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
„კვალიფიკაცია მიცემულია, გამოძიება დაწყებულია და ბრალდებულის სახით მიცემულია კონკრეტული პიროვნება პასუხისგებაში. ამით რამდენადაც არ უნდა დავინტერესდე, კონკრეტულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე და აქ ხომ არ არის რაიმე კერძო ინტერესი,“ – აცხადებს ალექსანდრე ტაბატაძე.
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი რამდენიმე თვის წინ კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქდა. შედეგად მსუბუქად დაშავდა თარგამაძე და მისი მძღოლი, ხოლო შემთხვევის ახლო-მახლო მდებარე პირები მძიმედ დაშავდნენ.