ქალაქ გურჯაანში, გოგონა გაიტაცეს. 27 წლის გ. ცანკაშვილმა 24 წლის ქალი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.
გოგონა სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას ოთხი მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს, რომლის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
გატაცებული გოგონას ოჯახი ამბობს, რომ მოტაცებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ დახმარების მიზნით, პოლიციას მიმართეს, რადგანაც მამაკაცი, რომელსაც გოგონას ცოლად შერთვა სურდა, მას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა. მათივე თქმით, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
ოჯახის წევრები გოგონას ამ დრომდე ეძებენ. გოგონას მშობლების განცხადებით, პოლიციისთვის ცნობილია იმ ავტომობილის მოდელი და ნომერი, რომლითაც გოგონა გაიტაცეს, თუმცა სამართალდამცავები ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.