ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აპირებს თუ არა დავით ნარმანია კვლავ მერობას: დეპუტატებმა მწვავე კითხვები დასვეს

ავტორი: ნინო ცხადაია

 

“მეტრონომი” საკრებულოდან: 

 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას წლიური ანგარიშის მოხსენების შემდეგ, კითხვები დეპუტატებმა დაუსვეს.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების კითხვები ნატა ნაზღაიძის ძმის საკითხს უკავშირდებოდა. 

სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები ყურადღებას დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, გაჩეხილ ხეებზე ამახვილებდნენ.

„მაშინ, როდესაც თქვენს დროს ერთ ღამეში იჩეხებოდა თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიები, ჩვენ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზეც გავცემთ ნებართვას და ვაკეთებთ სტატისტიკას“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისივე განცხადებით, კანონში (საქართველოს კანონი “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ”) ახლახანს განხორციელებული ცვლილების თანახმად, მერია 1 თვის ვადაში შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისში მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ახალ წესს, ასევე დაამტკიცებს საკომპენსაციო რგვებისა და მწვანე ნარგავების შეფასებაზე უფლებამოსილი პირებისათვის სავალდებულო კრიტერიუმებს.

„ძალიან თვალსაჩინოა განსხვავება საკითხისადმი დამოკიდებულებაში დედაქალაქის წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის. მაშინ როდესაც, თქვენ ნებართვასაც კი არ გასცემდით და ყველანაირი აღრიცხვის, სტატისტიკის გარეშე ჩეხავდით დედაქალაქში არსებულ ხე-მცენარეებს, ჩვენ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზეც გავცემთ ნებართვას და ვაკეთებთ სტატისტიკას. ჩვენთვის მნშვნელოვანია თითოეული მწვანე ნარგავი და ის ახალი წესი, რომელსაც ჩვენ 1 თვის ვადაში წარვუდგენთ საკრებულოს, მოქმედს კიდევ უფრო დახვეწს და გაამკაცრებს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ამასთან, საუბრისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ რეგულაციებზე, კერძოდ, კ-3 კოეფიციენტის ფარგლებში დენდროლოგიური პროექტის სავალდებულო წესით შეთანხმებაზე, რომლის შესრულების ვალდებულება დაეკისრება დეველოპერს და მისი განხორციელების გარეშე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არ დაიშვება, ანუ დედაქალაქში მშენებლობა არ განხორციელდება ისე, რომ მშენებელმა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ მოაწყოს გამწვანებული ტერიტორია.
გარდა ამისა, დასრულების ფაზაშია, მოლაპარაკება დიღმის ტყე-პარკის კერძო მესაკუთრეებთან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობის თაობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა დიღმის ტყე-პარკი შეუნარჩუნდეს დედაქალაქს.

თბილისის მერმა დედაქალაქის მასშტაბით, ავარიული შენობების რეაბილიტაციასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავარიული შენობების გამაგრება- გაძლიერების მიზნით, შარშანდელის მსგავსად, წელსაც გათვალისწინებულია საკმაოდ მოცულობითი თანხა.

 

„ბუნებრივია, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი ქალაქში არსებული ყველა ავარიული კორპუსის გამაგრებას 3 წელიწადში ვერ მოახერხებდა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ, ამ მიმართულებით, ტემპს არ დავწევთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას  და ამით  მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობენ. თბილისის მერმა გაიხსენა გავრცელებული ცნობა,  თითქოსდა, მისი სარეზერვო ფონდიდან თანხა სოციალურად დაუცველ სტუდენტს გადაურიცხა, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ ყოფილა.

 

„განვმარტავ, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მიმართა მოქალაქე დეა გოლიაძემ სწავლის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე. წერილში ნათქვამი იყო, რომ ოჯახი იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რასაც თავადვე ადასტურებდა ფაქტებით.  გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვოდა ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, 6000 ლარის დავალიანების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყო და მისთვის თანხის გამოყოფა სცდებოდა განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას,  სამსახურმა გაგზავნა შუამდგომლობის წერილი თბილისის მერთან – სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თხოვნის თაობაზე. წერილში ნათლად ჩანს, რომ თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო არა როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, არამედ, როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

დავით ნარმანიამ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მიზანმიმართულად, ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ზნეობის ყოველგვარ  ნორმას სცილდება.

„ასევე უსაფუძვლო იყო სპეციალურად შექმნილი აჟიოტაჟი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფთან დაკავშირებით. ძირითადი ტარიფი, 0.80 ლარი, შენარჩუნებულია, ხოლო მოკლე მანძილზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდა 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდა 0.50 ლარი“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

რაც შეეხება გარე ვაჭრობას, მერის თქმით, მოვაჭრეებს მათ შესთავაზეს, რომ 6 თვით, უსასყიდლოდ იმუშაონ ბაზრობებზე და ბაზრებში:

”ძალიან კარგად გვესმის რომ ადამიანებს უჭირთ და ბაზრების და ბაზრობების ადმინისტრაციას მოველაპარაკეთ. ისინი მზად არიან უფასოდ, 6 თვის განმავლობაში ამუშაონ ეს ხალხი”- აღნიშნა ნარმანიამ.

საკრებულოს დეპუტატ დავით ავალიანის კითხვაზე, აპირებს თუ არა დავით ნარმანია ხელმეორედ მერობას,  მერმა უპასუხა, რომ გუნდში რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, იმის მიხედვით იმოქმედებს.

 

 

იტვირთბა....