რას ედავება ოპოზიცია მერიას და რას პასუხობს ხელისუფლება
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადახდილი კომპენსაცია კვლავ ბურუსით მოცული რჩება. ოპოზიცია სახელმწიფოს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ მოსამართლესთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს, მოსამართლის ძმა კი ამტკიცებს, რომ კომპენსაცია სწორად გაიცა. „მეტრონომი“ გთავაზობთ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, რომ უფრო ნათელი გახდეს, თუ რას ედავებიან თბილისის მერიასა და მოსამართლე ნაზღაიძეს.
სკანდალური საქმე დაიწყო „რუსთავი 2“-ის სიუჟეტით, სადაც ტელეკომპანიამ გაასაჯაროვა ის დოკუმენტები, რომლითაც ნათელი გახდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფოსგან ერთი მილიონი ლარი მიიღო, მიწის ნაკვეთისა და გასტუმრებული საბანკო ვალის სახით.
„რუსთავი 2“-ის სიუჟეტში ნათქვამია:
„ნატა ნაზღაიძეს ქონებრივ დეკლარაციაში ძმაც ჰყავს მითითებული და ისინი ზიგზაგის ქუჩაზე, თბილისში, ერთ სახლში ცხოვრობენ. ამ დეკლარაციაში, რომელიც მან 2016 წლის 28 მაისს შეავსო, ნატა ნაზღაიძეს არ აქვს შეტანილი ინფორმაცია მიწის შესახებ, რომელზეც კომპენსაცია გაიცა. მიწა კი 2013 წელს მისი ძმის სახელზეა რეგისტრირებული.“
როგორც „რუსთავი 2“ აღნიშნავს, ხელისუფლების არგუმენტია, რომ ეს მიწა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობს და ამიტომ ანაზღაურდა ზარალი. თუმცა საკრებულოს კრიტერიუმებში მითითებულია, რომ დაზარალებულად ითვლება პირი, რომელსაც ჰქონდა მიწა, მასზე საცხოვრებელი სახლით და/ან მეურნეობით, რომელიც დაზიანდა. ხოლო ნაზღაიძის მიწაზე მსგავსი არაფერი არ იყო.
„რუსთავი 2“-ის სიუჟეტის მიხედვით:
„თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ მოსამართლის ოჯახს თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“ 515 000 (ხუთას თხუთმეტი ათას) ლარად შეფასებული 5 000 (ხუთი ათასი) კვადრატული მეტრი ფართობის მიწა გადაუფორმდა. 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი ) ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა. კიდევ 43 000 (ორმოცდასამი ათასი) დოლარი -სხვა საბაკო ვალდებულების გასასტუმრებლად და დამატებით, 220 000 (ორას ოცი ათასს) ლარს ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა, ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს. ჯამში, მოსამართლის ოჯახი 1 000 000 (ერთ მილიონს ) მიიღებს.“
თბილისის მერი, დავით ნარმანია ამ საკითხთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ს პასუხობდა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
სიუჟეტში ნათქვამია:
„არადა, მოსამართლისთვის ერთი მილიონის მიცემა მერიამ გადაწყვიტა, ხოლო მთავრობამ და საკრებულოს უმრავლესობამაც დაამტკიცა.“
როგორც საკრებულოს ოპოზიციური ნაწილის და პარლამენტის წევრმა, ირაკლი აბესაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, „ამ მიწის ნაკვეთის ფასი, რომლის ანაზღაურებაც მოხდა, რადგან იქ მშენებელობა არ შეიძლება, იყო ფაქტობრივად ნული“.
ირაკლი აბესაძის თქმით, ვერეს ხეობაში, 2013 წლიდან ნატა ნაზღაიძის ძმა მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, მიწის ნაკვეთი სტიქიური უბედურების ზონაში მოექცა, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა. ამის მიუხედავად, მერიამ, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის, გადაუდებლობის მუხლით გამოისყიდა და თან მიუთითა, რომ ამ მიწას განსაკუთრებული საჭიროება აქვს თბილისისთვის.
„რუსთავი 2“ დაუკავშირდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯაბა სამუშიასაც, (მას ეხება სტიქიის ზონაში არსებული ზარალის ანაზღაურების კურირებაც, რედ):
„ეს არის სტიქიის ზონა და ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ სტიქიის ზონაში მოხვედრილ ფართთან დაკავშირებით, თუ მოქალაქეს ექნება სურვილი, მიიღოს კომპენსაცია, ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ. ჩვენ მივიღეთ კომპენსაციის წესი, სტიქიის ანაზღაურების წესი და ამის ერთობლიობით მოხდა ეს ყველაფერი…“
ჯაბა სამუშიამ ვერ უპასუხა „რუსთავი 2“-ის კითხვას, გადაუდებელი აუცილებლობის წესით რატომ გაიცა ანაზღაურება მოსამართლის ძმის სახელზე. ასევე მისგან პასუხი არ არის კითხვაზე, რადგან მიწაზე შენობა არ იდგა, რა აუნაზღაურდა მერიისგან ნაზღაიძეს, ანუ მხოლოდ მიწის ნაკვეთის მფლობელობისთვის რატომ მიიღო კომპენსაცია, როცა კანონში სხვაგვარი ფორმულირებაა.
ირაკლი აბესაძის თქმით, ხელისუფლებამ კორუფციული გარიგება აწარმოა „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლესთან.
მოსამართლის ძმა, ზვიად ნაზღაიძე „რუსთავი 2“-თან ამ საქმეზე ამბობს:
„2013 წლიდან დაწყებული ჩემი პირადი საქმიანობა და პრობლემები რატომ უკავშირდება ჩემი დის მოსამართლეობას, ვერ ვხდები… ეს ყველაფერი 2013 წელს დაიწყო. სხვებმა როგორ მოაგვარეს კომპენსაციები, იქაც ჩემი დაა შუაში?“ – მისი განცხადებით, პასუხი, რომ სხვა დაზარალებულებმა მხოლოდ სახლებზე მიიღეს კომპენსაცია და არა – მიწაზე, ის დეტალებია, რომელსაც არ იცნობს:
„მიწა, (სტიქიის ზონაში, რედ), რომლის სანაცვლოდაც გაიცა კომპენსაცია და ვაჟა-ფშაველას მიწა, (რომელიც კომპენსაციად გაიცა, ფულთან ერთად, რედ), ხელშეკრულების საფუძველზე, მე არ მეკუთვნის…“.
„რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიწა, რომელშიც სახელმწიფომ კომპენსაციის სახით მილიონი გადაიხადა, იპოთეკით იყო დატვირთული და მისი მფლობელი საბანკო ვალდებულებას ვერ ასრულებდა. სიუჟეტში ნათქვამია:
„ამის გამო, ეს ტერიტორია, 2013 წელს, ბანკის სახელზე გადაფორმდა, თუმცა, 2016 წლის შემოდგომაზე, ბანკმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ მიწა მფლობელისთვის იმ პირობით დაებრუნებინა, რომ ის ვალს გადაიხდიდა. ამ გარიგებიდან რამდენიმე კვირაში მერიამ მოსამართლის ძმას უთხრა, რომ ამ მიწას მისგან შეიძენს და სანაცვლოდ მილიონს მისცემს. ამით გამოდის, რომ დაკარგული აქტივი მოსამართლეს მერიამ გაუცოცხლა“.
მოსამართლის ძმა, ზვიად ნაზღაიძე „რუსთავი 2“-თან ამბობს:
„მიწას, რომელსაც მე ვფლობდი ყიფშიძის 2 ნომერში, (სტიქიის ზონაში მოხვედრილი, რედ), ვიყიდე პიროვნებისგან, რომელმაც არ შემისრულა თავისი ვალდებულებები. ამიტომ, ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომ ეს მიწა უკან წაეღო. მას (მიწის პირველ მფლობელს) არც დაუმალია, რომ იპოთეკა ჰქონდა. მაგრამ ვალდებულებები ვერ შეასრულა ბანკთან. ის მეც ვერ მიბრუნებდა თანხას და არც ახლა აქვს დაბრუნებული. მან გარკვეული თანხა დამიბრუნა, მაგრამ არა მთლიანად… „
ზვიად ნაზღაიძე ეთანხმება „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ, ნოდარ მელაძეს, რომ ამ მიწის პრობლემები (ვალდებულებები) მოგვარდა მას შემდეგ, რაც ამ საქმეში მერია ჩაერთო.
მისი თქმით, საერთოდ არ იცის დეტალები, რის სანაცვლოდ დათანხმდა მერია ამ კომპენსაციის გაცემას.
ზვიად ნაზღაიძე ამბობს, რომ მიწა მასზე მხოლოდ გაფორმებულია, შესაბამისად, არ იცის მერიამ რა გარიგების სანაცვლოდ მისცა მილიონიანი კომპენსაცია (ნახევარი მილიონი მიწის ნაკვეთის სახით, ნახევარი მილიონი-ნაღდ ფულად).
მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, თუ მიწის მფლობელი ამბობს, რომ გარიგების დეტალები არ იცის, გაურკვეველია ვის შეუთანხმდა მერია:
„მას ჰყავდა წარმომადგენელი, ვისთან ერთადაც იურიდიული მხარის შეფასება მიდიოდა. თუმცა, ის რომ ხელი მოაწერა ადამიანმა და არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი, (განცხადებაზე, რომ თანახმაა მიწის სანაცვლოდ კომპენსაციად მიიღოს ნახევარი მილიონი სხვა მიწის სახით და ნახევარი მილიონი-ფულად), ამის არ ცოდნა გაუგებარია. მე არ დამისვამს კითხვა სრულწლოვანი მხარისთვის, გაქვთ თუ არა გათვითცნობიერებული რაზე აწერთ ხელს.“ – განაცხადა მან „რუსთავი 2“-თან.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ეს არის უპრეცენდნეტო კორუფციული ფაქტი, სადაც იკვეთება არხის საქმეზე მომუშავე მოსამართლისთვის სახელმწიფოს მხრიდან ქრთამის გადახდა.
კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ნაზღაიძემ იმ მიწაში მიიღო მილიონიანი კომპენსაცია, რომელსაც არანაირი ღირებულება და დატვირთვა არ ჰქონდა, ხოლო დღემდე არსებობენ სტიქიით დაზარალებულები, რომელთაც შენობები (საცხოვრებელი სახლები) დაენგრათ და მათ დღემდე, სხვადასხვა სტანდარტების გამო, კომპენსაცია არ მიუღიათ.
„რუსთავი 2“-თან ნატა ნაზღაიძის ძმამ განაცხადა, რომ ეს მიწა გაფორმებულია მის სახელზე და კომპენსაციაც მის სახელზე გაფორმდა, თუმცა რეალურად, ეს ყველაფერი ეკუთვნის სხვას და არსებობს მასსა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულებასა და მესამე პირზე მოამზადა სიუჟეტი ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დადო.
შალვა რამიშვილის მოპოვებული ინფორმაციით, მიწის მფლობელია ზვიად ჩოხელი, რომელმაც ეს ნაკვეთი 2011 წელს შეიძინა. ზვიად ჩოხელი რამიშვილთან ამბობს:
„2011 წელს ეს მიწა (შემდეგში სტიქიის ზონაში მოხვედრილი) შევიძინეთ, რადგან მას ჰქონდა პერსპექტივა – შესაძლებელი იყო მშენებლობის დაწყება. მიწა შევიძინეთ ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხით, 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათას) დოლარად. ბანკისთვის ყოველთვიურად 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) დოლარის გადახდა გვიწევდა. მოხდა ისე, რომ მშენებელი, ინვესტორი ვერ მოვძებნეთ და ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემა შეგვექმნა. ამიტომ, 2012 წლის ოქტომბერში გადავწყვიტეთ ამ მიწის ნაკვეთის გაყიდვა. შევხვდი ერთ-ერთ მყიდველს, ზვიად ნაზღაიძეს, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი.“
მოსამართლის ძმა, ზვიად ნაზღაიძე ასევე შალვა რამიშვილთან ამბობს, თუ რატომ იყიდა მიწა:
„საკმაოდ საინტერესო წინადადება იყო და დავინტერესდი. მიწას რომ შევხედე, ინვესტიციის განხორციელება შეიძლებოდა, მშენებლობის ნებართვაც ჰქონდა. პირობა ასეთი იყო – მე უნდა გადამეხადა 200 000 (ორასი ათასი) დოლარი, მაგრამ პირველ ეტაპზე ვაძლევდი (ჩოხელს) 40 000 (ორმოცი ათას) დოლარს, შემდგომში კი, ყოველთვე, 2500 (ორი ათას ხუთას) დოლარს“.
მიწის პირველი მფლობელი, ზვიად ჩოხელი, შალვა რამიშვილთან განმარტავს, რა ბედი ეწია დადებულ ხელშეკრულებას:
„ზვიად ნაზღაიძესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიწა გადავიდა ნაზღაიძის სახელზე, მან გადაგვიხადა 40 000 (ორმოცი ათასი) დოლარი წინასწარ და ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულება, რომ უნდა გადაეხადა 2 500 (ორი ათას ხუთასი) დოლარი ყოველთვიურად ბანკში. ეს ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, ვერ ვიხდიდით ბანკის ვალს. ფაქტობრივად ეს ადამიანი (ნაზღაიძე) ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში. ამიტომ ზვიადმა (ნაზღაიძემ) მომთხოვა დამებრუნებინა მისთვის 80 000 (ოთხმოცი ათასი) დოლარი, რომელიც უკვე გადახდილი ჰქონდა ჩემთვის წინასწარი თუ ბანკის ნაწილობრივი გადახდებით. ამიტომ ჩვენ შორის მოხდა შეთანხმება – ვალის აღიარების წერილი, სადაც მივუთითეთ, რომ მე 80 000 (ოთხმოცი ათას) დოლარს დავუბრუნებდი ზვიად ნაზღაიძეს, როგორც კი გავყიდიდი ამ ნაკვეთს“.
როგორც ჟურნალისტი შალვა რამიშვილი განმარტავს, ამ ხელწერილიდან გამომდინარე, ზვიად ნაზღაიძე ამ ნაკვეთის ნომინალური, ფორმალური მფლობელი ხდება. ფაქტობრივი მფლობელი კი ისევ ზვიად ჩოხელია, რომელიც საბოლოო უფლებებს მაშინ დაიბრუნებს, როცა ნაზღაიძეს ოთხმოცი ათას დოლარს დაუბრუნებს.
2015 წლის ივნისში მოხდა წყალდიდობა, გამოცხადდა რომ დაზარალებულები მიიღებდნენ კომპენსაციას და ჩოხელებიც მივიდნენ მერიაში.
ზვიად ჩოხელი რამიშვილთან ამბობს:
„მერიაში ჩვენმა ოჯახმა შეიტანა განცხადება და ვითხოვდით მერიაში შეხვედრას, რომ დეტალურად აგვეხსნა ჩვენი მდგომარეობა და გაეცათ კომპენსაცია. დაზარალებული მე ვარ, ბანკი და ნაზღაიძე კი არა…“
მისი განმარტებით, მერიამ მას (ზვიად ჩოხელს) კომპენსაციის სახით ნახევრად ფულადი ანაზღაურება, ნახევრად კი მიწა მისცა (ოღონდ ეს გადაფორმდა ზვიად ნაზღაიძის სახელზე, რადგან ნაზღაიძე სტიქიის ზონაში არსებული მიწის ფორმალური მფლობელია. რედ).
ჟურნალისტი რამიშვილი ამტკიცებს, რომ მერიამ სამართლიანად აუნაზღაურა კომპენსაცია ჩოხელს და შესაბამისად, ნაზღაიძეს, რომელსაც დაუფარა 80 000 (ოთხმოცი ათასი) დოლარი ვალი და მის სახელზეც გადააფორმა მიწა სანდრო ეულის ქუჩაზე. როგორც ნაზღაიძე რამიშვილთან ამბობს, ვალის აღიარების საფუძველზე, მიწა, რომელიც მის სახელზე გაფორმდა, ჩოხელს უნდა დაუბრუნოს.
„მეტრონომის“ შეჯამება: „რუსთავი 2“ -ის სიუჟეტის თანახმად, ნატა ნაზღაიძის ძმამ მილიონიანი კომპენსაცია მიიღო, ნახევარი მილიონი მიწის ნაკვეთის სახით (სანდრო ეულის ქუჩაზე), ნახევარი მილიონი კი – ფულად.
შალვა რამიშვილის სიუჟეტის თანახმად, კომპენსაცია არა ზვიად ნაზღაიძემ, არამედ მიწის პირველმა მფლობელმა, ზვიად ჩოხელმა მიიღო და ნაზღაიძემ, როგორც მიწის ფორმალურმა მფლობელმა, ჩოხელისგან თავისი ვალი, 80 000 (ოთხმოცი ათასი) დოლარი დაიბრუნა.
მთავარი კითხვა, მერიამ რატომ გასცა კომპენსაცია სტიქიის ზონაში მოხვედრილ მიწის იმ ნაკვეთზე, რომელზეც შენობა არ იდგა, პასუხგაუცემელი რჩება. მითუმეტეს, რომ ამ გაუგებარი კომპენსაციით კიდევ უფრო შეილახა 13 ივნისს დაზარალებული იმ ოჯახთა უფლებები, რომელთა ანაზღაურებაც მერიის მიერ სხვადასხვა, მათ შორის იმ მიზეზით არ მოხდა, რომ მათ გადაფორმებული არ ჰქონდათ საკუთრებები.
სწორედ ამ მოტივით, მოსამართლე ნაზღაიძის ფაქტორი ამ საქმეში მნიშვნელოვანია და ოპოზიციის წარმომადგენლების მითითება სახელმწიფოს მიერ (სავარაუდო) კორუფციულ გარიგებებზე, ისევ დღის წესრიგში რჩება.
საქმის გამოძიებით დაინტერესებულია პროკურატურა. ზვიად ნაზღაიძის განცხადებით, მან უწყებას ყველა დოკუმენტი მიაწოდა. თუმცა ოპოზიციის წევრი, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიების ნაცვლად, მისი მიჩქმალვით არის დაინტერესებული.
მანა ნოდია