„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ უფლებადამცველ და იურისტ ლია მუხაშავრიასთან
ავტორი: ელზა პაპოშვილი
მედიაში და საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თეა წულუკიანი დეკრეტიდან აღარ დაბრუნდეს. უფრო მეტიც, მმართველი გუნდი უკვე მის შემცვლელს უკვე ეძებს. ამის შესახებ უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ საუბრობს. მისი თქმით, თეა წულუკიანი შესაძლოა თანამდებობაზე აღარ დაბრუნდეს. ხოლო იუსტიციის მინისტრის სკამის დასაკავებლად დიდი ალბათობით, ეკა ბესელია ემზადება. ის მმართველი გუნდისთვის, როგორც კარგი „შემსრულებელი“, სრულიად მისაღებია.
მუხაშავრია წულუკიანის თანამდებობის დატოვების მიზეზად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. ის ასავე ვარაუდობს, რომ ვანო მერაბიშვილი ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ გამართლებული იქნება და ის ციხეს დატოვებს. მუხაშავრია ფიქრობს, რომ წულუკიანმა ეს ძალიან კარგად იცის და ფაქტობრივად თავს უშველა.
„მეტრონომი“: გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, თეა წულუკიანი უკან იუსტიციის მინისტრის რანგში აღარ დაბრუნდება და ის ფაქტობრივად თანამდებობიდან გაუშვეს. როგორ ფიქრობთ, რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია და რა შეიძლება ამის მიზეზი გამხდარიყო?
ლია მუხაშავრია: თეა წულუკიანს, როდესაც ქართველი ამომრჩეველი ხედავს, ალბათ ის წინა საარჩევნო დაპირება ახსენდება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ეხებოდა. საზოგადოების იმედი მთლიანად წულუკიანზე იყო მინდობილი და მასთან ასოცირდებოდა. ხოლო ახლა, როდესაც ის საჯარო სივრცეში თუ მედიაში გამოჩნდება, ყველა უნებლიედ ამ საკითხს იხსენებს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, რომ გონივრულია, მმართველმა გუნდმა მისი გადამალვა ნებისმიერი მოტივით სცადოს. ვფიქრობ, აქამდე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება იოლი საქმე არ იყო. ამიტომაც, მას გუნდში ისევ ინარჩუნებდნენ.
თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მისი პოსტიდან გაშვების არაერთი მცდელობა ყოფილა, მაგრამ წულუკიანმა პრემიერთან გარკვეული სახის მოლაპარაკების შემდეგ, ეს თანამდებობა კვლავ შეინარჩუნა.
ახლა, როცა მას სრულიად საპატიო და კეთილშობილი მიზეზი აქვს, რომ თანამდებობა დატოვოს, დიდი ალბათობით, ამ მომენტს მმართველი გუნდიც გამოიყენებს და ის თანამდებობაზე აღარ დაბრუნდება. ეს იქნება სასარგებლო როგორც თეა წულუკიანისთვის, ასევე მთავრობისთვისაც.
არც სასამართლო რეფორმის გატარება მოხდა ისე, როგორც ამას გვპირდებოდნენ და არც თავად სასამართლო არ არის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო და გარკვეული მოლოდინი არსებობდა. ამიტომ, გონივრული იქნება თუ ის თანამდებობას დატოვებს.
– როგორ ფიქრობთ, თუკი მან ვერ შეასრულა ვერცერთი დაპირება და ვერ მოახერხა იმ რეფორმების გატარება, რაც საზოგადოებას დაპირდა, რატომ არ იყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მარტივი? ეს მისი პირადი ბრალი იყო თუ ზოგადად მმართველ გუნდში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა?
– ვფიქრობ, რომ თავად თეა წულუკიანს, ამ დაპირებების შესრულება უნდოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ძალიან ბევრიც კი გააკეთა. თუმცა, მთავრობას და ხელისუფლებაში მყოფ რამდენიმე თანამდებობის პირს არ ჰქონდა ნება და სურვილი, რომ ეს რეფორმები განხორციელებულიყო.
ამ თანამდებობის პირებში ივანიშვილს და ღარიბაშვილს ვგულისხმობ, რომლებმაც სამართლიანობის აღდგენაზე უარი წინა მთავრობასთან კოჰაბიტაციის პირობებში უარი თქვეს. თეა წულუკიანის ყველა წინადადება ამ მიმართულლებით მოკვდა. ამიტომ, მას პირადად მიეცა იმის საშუალება, რომ ამ არგუმენტების გამოყენებით, საკუთარი თანამდებობა გადაერჩინა.
ეს მისი პირადი ბრალი არ იყო და მან ამით ყველა მთავრობასთან კარგად ითამაშა. ის კვალიფიციური იურისტია და ძალიან კარგად ესმოდა ამ საკითხის მიჩუმათება რასაც ნიშნავდა და რა შედეგს გამოიწვევდა. ამიტომ, მან ამ ფონზე პირადი ინტერესები დაიცვა.
მას პრემიერთან შეეძლო ეთქვა, რომ მისი არცერთი საკანონმდებლო წინადადება არ გაიტანეს და არცერთი მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, ამიტომ მას თანამდებობიდან როგორც კი გაუშვებდნენ ხმამაღლა ალაპარაკდებოდა. ეს კი, რა თქმა უნდა, რომ „ოცნებას“ არაფერში სჭირდებოდა. ამ უსიამოვნების თავიდან აცილება, მისთვის თანამდებობის შენარჩუნებად ღირდა.
– ანუ, შესაძლოა ვთქვათ, რომ თეა წულუკიანი მმართველ გუნდს საკუთარი პოსტის შესანარჩუნებლად აშანტაჟებდა?
– რა თქმა უნდა, ასე იყო. თეა წულუკიანს შანტაჟის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ის ფაქტობრივად პრემიერს და მმართველ გუნდს აშანტაჟებდა, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტი შეენარჩუნებინა. ვფიქრობ, სწორადაც იქცეოდა, რადგანაც იმ რეფორმების ვერგანხორციელებაში, რომელსაც მას ვედავებით, მხოლოდ მისი ბრალი არ არის.
ჩვენ ხომ კარგად დავრწმუნდით, რომ წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია, მაღალ ეშელონებში ხდებოდა, რათა ყოფილი თანამდებობის პირები არ დასჯილიყვნენ და ეს გარიგება დღემდე მუშაობს. ამიტომ არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არავის არაფერში აღარ სჭირდება. ერთი წულუკიანი ხომ ვერაფერს გახდებოდა. აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ რიგებში ერთადერთი მხოლოდ პრეზიდენტია, რომელმაც პიროვნული და პერსონალური წესიერება შეინარჩუნა.
ის ბევრ რამეში თუნდაც ივანიშვილს არ დაეთანხმა და ის იმ თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა, რასაც მმართველი გუნდი დღემდე ახორციელებს. ახლა, სრულიად პოლიტიკურ ვაქხანალიას ვხედავთ და ზოგი პოლიტიკოსი იმას კადრულობს, რაც მას თუნდაც პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე არ უნდა იკადროს.
– თუმცა, თეა წულუკიანს ხშირად აბრალებდნენ, რომ ის ზურაბ ადეიშვილისდროინდელ კადრებთან კარგად თანამშრომლობდა და ის მათთან გარიგებაშიც კი იყო შესული. გამოდის რომ წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის პრობლემა წულუკიანსაც არ ჰქონია…
– ის საკმაოდ მტკიცე ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თავის ხელქვეითს ნებისმიერ დავალებას ასრულებინებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს როდინდელი კადრი იყო.
ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აქ თანამშრომლობის საკითხი იყო. გავიხსენოთ, რომ მან პირველ ეტაპზე ჩამოიშორა პროკურატურა, როდესაც მიხვდა, რომ იქ მისი გავლენა სათანადო ვერ იქნებოდა და მისგან სასაწრაფოდ გათავისუფლდა.
მან ის პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, რაც პროკურატურის უვარგისი მუშაობის შედეგად დაეკისრებოდა. მისი ეს ნაბიჯი ძალიან გონივრული იყო, თუმცა ეს მხოლოდს მისი პირადი ინეტერესებისთვის და არა ქვეყნისთვის.
სამართლიანობის აღდგენის დაპირება წინასაარჩევნო ბლეფი იყო, რომელიც „ოცნებამ“ გამოიყენა და საზოგადოება მოატყუა. ამაში მხოლოდ წულუკიანის ბრალი ძალიან მცირეა. ყველა მარგველაშვილის მსგავსად მმართველ გუნდს ვერ დაუპირისპირდებოდა.
– ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახლო მომავალში, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა მოუწევს. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება მმართველი გუნდისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატურა, ვინც იუსტიციის მინისტრობის პოსტზე შეიძლება მოიაზრებოდეს?
– ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ბოლო წვეთი იყო, რამაც მმართველი გუნდის მოთმინების ფიალა აავსო და მისი თანამდებობიდან გაშვება უმტკივნეულოდ მოხდა. თუმცა, ის პირადად საქართველოს მთავრობას არ წარმოადგენს. წულუკიანის პირადი გავლენები, რაც სტარსბურგის სასამართლოში ჰქონდა, დიდი ხანია რაც ამოიწურა.
მისი პერსონალური დამსახურება იყო, რომ უამრავ საქმეზე, რომელიც საქართველოდან შედიოდა, გადაწყვეტილების ნაცვლად ცალმხრივი დეკლარაცია გამოსულიყო. ეს რამდენიმე ათეულ საქმეზე მოხდა. თუმცა, შემდეგ ამის შესახებ ბევრი ვწერეთ და გავასაჩივრეთ და სტრასბურგმაც გადაწყვეტილებები შეცვალა.
ისინიც მიხვდნენ იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით დიდი არაფერი შეცვლილა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ეს პოლიტიკური საშუალებაც ამოწურული იქნა.
ამ საქმეებზე, სანამ თეა წულუკიანი მინისტრი გახდებოდა, სრულიად სხვა დამოკიდებულება ჰქოდა, ხოლო თანამდებობის დაკავების შემდეგ კი ეს დამოკიდებუება რადიკალურად შეცვალა.
მათ შორის ლევან მესხორაძე შეენარჩუნებინა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელად, რომელიც უშუალოდ საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში გამოდის, მას ამის კეთებას აიძულებდნენ.
მესხორაძე იყო ადამიანი, რომელიც ალასანიას ოფისში 2012 წლის არჩევნებამდე პირადად ხვდებოდა ადამიანებს და ეხმარებოდა, რათა მათი საქმეები სტრასბურგში წასულიყო. ხოლო როცა ამ საქმეების გადაწყვეტის დრო დადგა, საქართველოს მთავრობამ უსირცხვილოდ მხოლოდ დეკლარაციები გამოაცხადა.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ეკა ბესალია განიხილება. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
– ვფიქრობ, რომ დღეს ვინც მინისტრის მოვალეობას ასრულებს ალექსანდრე ბარამიძე, ძალიან კარგი კანდიდატურაა. რაც შეეხება ეკა ბესელიას კანდიდატურას, მინისტრობა მას უფრო სურს ვიდრე ეს მმართველ გუნდს უნდა. ბესელიას კარიერული ზრდა სჭირდება და ეს რადაც არ უნდა დაუჯდეს მისთვის მიღწეული იქნება. მერე რა, რომ შეიძლება ორი წელი იყოს მინისტრი, მთავარია რომ ეს თანამდებობა დაიკავოს. შექმნილ ვითარებაში მას ამის საშუალება აქვს და მის გამოყენებას შეეცდება. ის არ არის კარგი ვარიანტი, თუმცა კარგი „შემსრულებელი“ იქნება, რომელიც ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებს.
– ელით თუ არა, რომ ევროსასამართლო ვანო მერაბიშვილს გაამართლებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. შესაძლოა მერაბიშვილმა სასაჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს?
– რა თქმა უნდა, რომ შესაძლებელია და ვანო მერაბიშვილი გამართლდება. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას აუცილებლად დატოვებს. დიდ პალატაში საქმის გასაჩივრება და წარმოებაში მიღება, არ ნიშნავს, რომ პირვანდელი გადაწყვეტილება შეიცვლება.
ეს იქნება ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, როდესაც დიდი პალატა უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას გამოიტანს და უფრო მეტ დარღვევას აღმოაჩენს ვიდრე ეს პირველმა ინსტანციამ გააკეთა. ვფიქრობ, თეა წულუკიანმა ეს კარგად იცის და მისთვის კარგი იქნება, რომ ამ დროს მინისტრის სკამზე არ იყოს. ესეც შეიძლება ერთ-ერთი მთავარი გარემოება იყოს, რის გამოც წულუკიანი დეკრეტში მშვიდად წავიდა და უკან აღარ ბრუნდება.
P.S. „მეტრონომი“ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და რამდენიმე კითხვის დასასმელად დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე მათ პასუხის გაცემა არ ისურვეს.