ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მამალაძე იყო ჯაჭვის ერთი რგოლი”: „ციანიდის საქმეზე“ შესაძლოა ახალი სკანდალი აგორდეს

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

„ციანიდის საქმის“ ირგვლივ მალე შესაძლოა, ახალი სკანდალი აგორდეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის შემდგომ დღეებში პროკურატურა ახალი მტკიცებულებების გასაჯაროებას გეგმავს. საქმეში ჩახედული პირები კი არ გამორიცხავენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, ბრალი კიდევ რამდენიმე პირს წაუყენონ, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებს.

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვის ინტერესებს ატარებს და ცდილობს, ხელი დააფაროს სავარაუდო თანამზრახველებს. საპატრიარქოს წარმომადგენელი არც იმას გამორიცხავს, რომ მამალაძეს „თანამზრახველები წმინდა სინოდშიც ჰყავდეს“.

ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი:
– სამწუხაროა, რომ მღვდელი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ ვეყრდნობი მის და მისი ადვოკატების ვერსიებს. ამ ვერსიებში გიორგი მამალაძე თავად მოდის წინააღმდეგობაში. თუ ქალბატონ შორენასთან არ იყო კარგ ურთიერთობაში და მის კორუფციულ სქემებს იკვლევდა, მაშინ რატომ უნდა გამოერთმია შორენასთვის 500 დოლარი და დახმარება გაეწია შხამის შეძენაში?! პირადად ჩემთვის, ეკლესიისა და მთლიანად საზოგადოების ბევრი წევრისთვის მისი ეს პოზიცია არის მიუღებელი და ემსახურება სხვა პირების ინტერესებს.

– ვის გულისხმობთ?

– ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ინტერესი პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს შორის შეიძლება იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. მათ ინტერესებს ემსახურება მამა გიორგი. გიორგი მამალაძეს მისმა მოძღვარმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მიმართა, რომ სიმართლე თქვას და პროკურატურასთან ითანამშრომლოს. ამაზე უარს ამბობს, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ის ემსახურება სხვების ინტერესებს.

– შორენა თეთრუაშვილის თვითმკვლელობის ვერსიამაც გაიჟღერა… ითქვა, რომ თეთრუაშვილმა მამა გიორგის ციანიდის მოძიება თვითმკვლელობის მიზნით დაავალა… ამ ვერსიაზე რას იტყვით?

– ეს ვერსიები არის ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მამა გიორგის აზრი, ეს არის იმ ადამიანების აზრი, ვის ინტერესებსაც ემსახურება ბრალდებული დეკანოზი. ის ამ ვერსიებს სხვების მითითებით ახმოვანებს. მღვდელი, რომელსაც უნდა, სხვას ცილი დასწამოს და ამით თავი იმართლოს, პირადად ჩემთვის სასულიერო პირი აღარ არის. თუ მას უჭირს თანამზრახველების დასახელება, ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ შენდობა სთხოვოს არა მხოლოდ ქალბატონ შორენას, არამედ უმაღლეს სასულიერო პირებსაც, რომელთა მიმართაც მან პროკურატურაში ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა და ამის გამო სასულიერო პირებს უხდებოდათ რაღაც აბსურდულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

– გაქვთ მოლოდინი, რომ პროკურატურა იმ „სხვებს“ გამოავლენს?

– ეკლესიაში მყოფ უმრავლესობას გვაქვს ერთი პოზიცია: ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც კი ამ საქმეში ფიგურირებს და იყო თანამზრახველი, მიუხედავად რანგისა, წოდებისა და გარემოებისა. არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს.

– გამორიცხავთ, რომ თანამზრახველებს შორის აღმოჩნდნენ სინოდის წევრები?

– არაფერს არ გამოვრიცხავ. შესაძლებელია, იყოს სინოდის წევრი, საპატრიარქოს თანამშრომელი, ან უბრალოდ სამოქალაქო პირი. ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა უნდა გამოვლინდეს.

– რატომ იკავებენ თავს სასულიერო პირები მამა გიორგის მონახულებისგან?

– ეს არის ტყუილი. სასულიერო პირებმა, მათ შორის ეპისკოპოსებმა ის არაერთხელ მოინახულეს. მეუფე პეტრე იმყოფებოდა, ისევე როგორც მეუფე ანდრია გვაზავა, ასევე იმყოფებოდნენ სხვა სასულიერო პირებიც, თუნდაც მამა გიორგი თევდორაშვილი. მოხდა გიორგი მამალაძესთან გასაუბრება. თუ მას რელიგიური კუთხით სურს შეხვედრა, უნდა მოეთხოვა თავისი სულიერი მოძღვარი. ამ შემთხვევაში ეს არის მეუფე დიმიტრი. როგორც ვიცი, დეკანოზ მამალაძეს მიტროპოლიტ დიმიტრისთან შეხვედრის ინიციატივა არ გამოუთქვამს.

– თავად მეუფე დიმიტრიმ თუ გამოთქვა შეხვედრის სურვილი?

– მე მეუფე დიმიტრის პოზიცია არ ვიცი ამ საკითხზე, თუმცა დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არის გიორგი მამალაძის მოძღვარი და უფლებამოსილი პირი, ჩაიბაროს აღსარება, ან აზიაროს. რაც შეეხება გიორგი მამალაძის შიმშილობას, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ შიმშილობა, რომელსაც არ ახლავს ღვთიური მადლმოსილება, ეს არის თვითმკვლელობისკენ მიმავალი გზა. მოძღვარი, რომელიც ხელს აწერს შიმშილობის ოქმს, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ეს ქრისტიანულად, რას ნიშნავს ეს იმ ეკლესიისთვის, რომელსაც, წესით, უნდა ემსახურებოდეს. არ მესმის, რას აპროტესტებს მამალაძე?! გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ის თავად ადასტურებს, რომ დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით, უბრალოდ, შემდეგ ინტერპრეტაციას აკეთებს, რომ მარილზე გასვლაში ხუმრობდა და მკვლელობა არ მინდოდაო. ამ დრომდე ის ხელს აფარებს სხვა პირებს და არ ამბობს სიმართლეს.

– რა კონფლიქტი ჰქონდათ მამა გიორგის და შორენა თეთრუაშვილს?

– მამა გიორგი ჩვენთან დაინიშნა ქონების მართვის განყოფილების უფროსად. ითქვა, რომ თითქოს გამოავლინა რაღაც დარღვევები, რაშიც ხელს უშლიდა ქალბატონი შორენა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის სრული სიცრუე. მამა გიორგის არასდროს წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი საპატრიარქოს შიგნით არსებულ დარღვევებზე. და თუკი შორენა თეთრუაშვილი ხელს უშლიდა, რატომ შევიდა მასთან ნდობაში და რატომ უწევდა დახმარებას ციანიდის მოძიებაში, როგორც თავად ამბობს? სად არის აქ ლოგიკა?!

მოკლედ, საპატრიარქოს იურისტი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძე ხელს აფარებს დამკვეთებს. იგივე პოზიცია აქვს საქმის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, რომელიც „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საკმაოდ სერიოზულ ინფორმაციას აჟღერებს. ირაკლი მამალაძის თქმით, ბოლო დღეებში მის მიმართ ზეწოლის ფაქტები გააქტიურდა. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ მთავარი მოწმის სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ირაკლი მამალაძე, მოწმე:

– ბოლო დღეებში ჩემ მიმართ გააქტიურდა ზეწოლები. არის საზოგადოების ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ჩემზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. იყო მუქარის ფაქტი.

– რას გულისხმობ?

– ეს მოხდა სატელეფონო ზარის მეშვეობით. პირდაპირ სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო, რის გამოც მივმართე პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. ჩემი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ზარის ავტორი და, ალბათ, მალე გაირკვევა, ვინ და რა მიზნით მემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. ყველას ვურჩევ, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან. როდესაც ასეთი რეზონანსული საქმის მთავარ მოწმეზე ხორციელდება სერიოზული მუქარა და ზეწოლა, ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია.

– შეგიძლია, გვითხრა შენი ვარაუდი, ვინ შეიძლება დაგმუქრებოდა?

– ჩემი ინფორმაციით, ის დაკავშირებულია მამა გიორგისთან და მის გარემოცვასთან. თუმცა უფრო დეტალურად, ალბათ, პროკურატურა ისაუბრებს მოგვიანებით. მე ამას ვუკავშირებ იმ სრულიად არაადეკვატურ სამოქალაქო მხარდაჭერას, რაც ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე მიიღო გიორგი მამალაძემ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ეს ადამიანები ლამის საერთაშორისო მხარდაჭერას ელოდებოდნენ. ისინი, მათ შორის ქალბატონი ეკა გიგაური და სხვები, დღეს უკვე თავს იკავებენ კომენტარებისგან და არსად ჩანან, მაგრამ მათმა აქტიურობამ და უსაფუძვლო განცხადებებმა წაახალისა ჩემს მიმართ ასეთი მუქარები.

– გასაგებია… მართლაც, სერიოზული განცხადებაა და იმედია, პროკურატურა დაადგენს, ვინ დგას ამ მუქარის უკან, მანამდე კი მინდა გკითხო უშუალოდ „ციანიდის საქმეზე“… თავდაპირველად დეკანოზის ადვოკატები დაჟინებით ითხოვდნენ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოებას, თუმცა ახლა ასეთივე დაჟინებით ითხოვენ დაცვის მოხსნას… როგორ ფიქრობ, რატომ?

– ადვოკატების დაცვის სტრატეგია არის ის, რომ როგორმე პიარხრიკებით მოახდინონ საზოგადოებაზე შთაბეჭდილება. ადრე ამბობდნენ, რომ მამა გიორგი ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ოჯახის უსაფრთხოება იქნებოდა უზრუნველყოფილი. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ არანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მას არ გაუჟღერებია გარდა იმ აბსურდისა, რომ თითქოს შორენა თეთრუაშვილი გეგმავდა ციანიდით თავის მოკვლას. ანუ ოქრომჭედლის ვერსიიდან გადავიდნენ შორენა თეთრუაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე. თურმე შორენა თეთრუაშვილმა გიორგი მამალაძეს სთხოვა ციანიდი თვითმკვლელობის მიზნით. ადვოკატები დღეს ცდილობენ, რომ შეიქმნას აზრი, თითქოს უდანაშაულო მღვდლის გასამართლება სურს ვინმეს. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან მამა გიორგი იტყვის სრულ სიმართლეს და დაასახელებს კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის იტყვის, ვისზე საუბრობს ჩანაწერებში ნაცვალსახელების სახით.

რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიას, მეც მომიწია ამ აბსურდულ ინფორმაციაზე განმარტების გაკეთება პროკურატურაში. გამომძიებლებმა მკითხეს, გიორგი მამალაძეს თქვენთან ხომ არ უსაუბრია, რომ შორენა თეთრუაშვილი გეგმავდა თვითმკვლელობასო. ვიღაც თვითმკვლელობას რომც აპირებდეს, შენ, სასულიერო პირი, რატომ უნდა დაეხმარო ხომ?! ანუ ამ აბსურდამდე მიდის დეკანოზის დაცვის მხარე.

– ამბობენ, რომ მალე პროკურატურა დამატებით დეტალებს გაასაჯაროებს…

– ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ძალიან მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს. ამის გარანტია მე მომცეს და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან მალე გაცილებით სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებს. მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა გავა კონკრეტულ ჯგუფზე. არსებობს სათანადო მასალები და მტკიცებულებები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, რომ მამა გიორგიმ სიმართლე არ თქვას და არ დაასახელოს ჯგუფის წევრები და დამკვეთები.

– ვის გულისხმობ ჯგუფში?

– ვგულისხმობ არაერთ ადამიანს, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებს. დარწმუნებული ვარ, მამა გიორგის ბევრი აქვს სათქმელი, ის უნდა განთავისუფლდეს ამ ზეწოლისგან და რეალური პასუხები გასცეს კონკრეტულ კითხვებს. მე ხომ არ ვყოფილვარ პირველი, ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდა ციანიდთან დაკავშირებით. ის მანამდეც ცდილობდა მის მოპოვებას და დაკითხულია ის ადამიანიც, ვისთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას.

– როგორ ფიქრობთ, თუკი ჯგუფზეა საუბარი, კიდევ რამდენ ადამიანზე შეიძლება გავიდეს გამოძიება?

– ის, რომ ეს იყო ჯგუფი, არის აშკარა. გიორგი მამალაძე იყო ამ ჯაჭვის ერთი რგოლი. ჩემი ვარაუდით, საქმეში დამატებით, მინიმუმ, ორი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

რატომ ითხოვს დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დანიშნული დაცვის მოხსნას? რა მოთხოვნით გამოაცხადა შიმშილობა? არსებობს თუ არა მისი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და როგორ გაჩნდა საქმეში შორენა თეთრუაშვილის თვითმკვლელობის ვერსია? ამ საკითხებზე „პრაიმტაიმი“ ბრალდებულის ადვოკატს გიორგი ფანცულაიასაც ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, დეკანოზი ითხოვდა თავისი ოჯახის უსაფრთხოებას, რის შემდეგაც მზად იყო გამოძიებისთვის მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია… ასეა ხომ?

– კი ბატონო, გიდასტურებთ.

– შეგიძლიათ, გვითხრათ, ოჯახისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შემდეგ რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მან პროკურატურას?

– მაგაზე პასუხის გაცემის უფლება არ მაქვს, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. სწორედ ამიტომ ვითხოვ გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნას.

– თუმცა ადასტურებთ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას?

– დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პროკურატურა რას ფიქრობს, ეგ არ ვიცი, მაგრამ გამოძიება რომ ობიექტურად მიდიოდეს, მამა გიორგი კი არ უნდა იყოს ბრალდებული და შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული, არამედ პირიქით.

– გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზმა თავის ბოლო ჩვენებაში ისაუბრა შორენა თეთრუაშვილის შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიაზე, რომ თითქოს ამისთვის სჭირდებოდა ციანიდი… ამას გულისხმობდით, როდესაც მნიშვნელოვან ინფორმაციაზე საუბრობდით?

– არა, ასეთი ფორმით არ არის დაფიქსირებული მისი ჩვენება.

– შორენას თვითმკვლელობაზე არის თუ არა საუბარი?

– როდესაც გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ მას ციანიდის მოძიება შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, გამოძიებამ დაუსვა კითხვა, რისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინა მას ციანიდი. პროკურატურამ ჩამოთვალა სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის შესაძლოა, გაჟღერებული ყოფილიყო თვითმკვლელობის ვერსია, რასაც მამა გიორგი ვერც დაუდასტურებდა და ვერც უარყოფდა. გიორგი მამალაძისთვის ცნობილი იყო, რომ შორენას ეს სჭირდებოდა ოქრომჭედლისთვის, თუმცა რეალურად რა მიზნით შეიძლებოდა, გამოეყენებინა, ეს უკვე არ იცის და ცხადია, პროკურატურის შესაბამის კითხვაზე – შეიძლებოდა თუ არა მიზანი ყოფილიყო თვითმკვლელობა – გიორგი მამალაძე ამ შესაძლებლობას ვერ გამორიცხავდა. რატომ გაუჩნდა პროკურატურას ეს კითხვები, ეს უკვე მათ უნდა ჰკითხოთ.

– ოჯახისთვის დაცვის მოხსნას რაც შეეხება, ფიქრობთ, რომ საფრთხეები მოხსნილია?

– არ მიგვაჩნია, რომ ეს საფრთხეები მოხსნილია. მამა გიორგის ჩვენებაში დაფიქსირებული აქვს ის მიზეზები, რატომ შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა მის ოჯახს. სახელმწიფო დაცვის დანიშვნა, წესით, გასაიდუმლოებული ღონისძიებაა. როცა პროკურორმა გააკეთა განცხადება, ოჯახს დაცვა დაენიშნაო, ამის უფლება მას არ ჰქონდა.

– ანუ თქვენ ითხოვდით დაცვის დანიშვნას და პროკურატურას არ უნდა განემარტა, დაკმაყოფილდა თუ არა ეს მოთხოვნა? უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა, თქვენც საჯაროდ არ დაგეყენებინათ ეს მოთხოვნა…

– ჩვენ არ ვაპირებდით ამის საჯაროდ დაფიქსირებას. პირველ ეტაპზე ეს მოთხოვნა დავაყენეთ პროკურატურასთან, მაგრამ ყურიც კი არ გააბარტყუნეს, აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, დაცვის ღონისძიების გატარება საჯაროდ მოგვეთხოვა. მე არ უნდა მიზღუდავდნენ ინფორმაციის გასაჯაროებას მაშინ, როცა თავად ასაჯაროებენ მას. ანუ მხარეთა თანასწორობის პრინციპი მთლიანად დარღვეულია და სწორედ ამიტომაც მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. დღეს ეს საფრთხეები მოხსნილი არ არის, მაგრამ იძულებულნი ვართ, მოვითხოვოთ დაცვის მოხსნა, ვინაიდან პროკურატურა ცდილობს ამ მოტივით სასამართლო სხდომის დახურვას.

– ანუ გამოდის, რომ სასამართლო სხდომის საჯაროობის გამო, რისკის ქვეშ აყენებთ ოჯახის უსაფრთხოებას?

– პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირადად გიორგი მამალაძის მოთხოვნა. პროკურატურამ იმდენი რამ იკადრა, რომ გიორგი მამალაძე იძულებული გახდა, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.

– ამ საქმის ქრონოლოგიას თუ გაჰყვებით, საზოგადოების ნაწილს შესაძლოა, მართლაც გაუჩნდეს კითხვები თქვენი დაცვის სტრატეგიის მიმართ და აი, რას ვგულისხმობ: თავდაპირველად იყო ვერსია, რომ ციანიდი საერთოდ არ არსებობდა, შემდეგ გაჩნდა ოქრომჭედლის ვერსია, სულ ბოლო ვერსიით კი, უკვე შორენას თვითმკვლელობა განიხილება… რამდენად თანმიმდევრული ხართ მთელ ამ პროცესში?

– აბსურდულია, როცა ეს კითხვები ადვოკატების მიმართ ისმის. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მამა გიორგი ციანიდს არ კითხულობდა. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ მას მკვლელობა არ ჰქონდა დაგეგმილი. ეს არის პროკურატურის პროვოკატორების მიერ შემოგდებული ვერსია. გარდა ამისა, ჩვენ არ წამოგვიჭრია თემა, რომ შორენა თავის მოკვლას აპირებდა. ეს ვერსია თავად პროკურატურამ წამოსწია მამა გიორგის დაკითხვის დროს. გამოძიების მიერ დასმულ კითხვაზე ჩვენ რატომ უნდა ვიმართლოთ თავი?! გარკვეული პირები ამ აზრს ქმნიან შეგნებულად, რომ თითქოს დაცვის მხარის მიერ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და განცხადებები ვრცელდება. დიახ, მამა გიორგი კითხულობდა ციანიდს, მაგრამ არა მოსაკლავად. საბოლოოდ, მას ეს ციანიდი არ შეუძენია და ჩაუდეს. დღეს პროკურატურა არის აგონიაში და გარკვეულ ადამიანებს ახმოვანებინებს ამ მესიჯებს.

– შიმშილობს თუ არა რეალურად გიორგი მამალაძე და რა მოთხოვნით?

– რამდენიმე სასულიერო პირმა თქვა, რომ ის კი არ შიმშილობს, არის მკაცრ მარხვაზე. რეალურად ის, წყლის გარდა, არ იღებს არაფერს, მედიკამენტებსაც კი. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, მათ იმარხულონ ასე.

– ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად სწორია სასულიერო პირის მიერ შიმშილობის გამოცხადება, რომელიც თავისთავად გულისხმობს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას?

– მამა გიორგი მამალაძე, რომელიც აღნიშნული სსულიერო პირების სულიერი ძმა არის, რომელთან ერთადაც ისინი ერთი ბარძიმით ეზიარებიან, არის პატიმარი, განსაცდელში მყოფი ადამიანი. მას სჭირდება ზიარება და მოსმენა. ამ დროს ზოგი სასულიერო პირი ნახვითაც კი არ იწუხებს თავს. მათი დამოკიდებულება ქრისტიანულია?! ეს არ ეკუთვნის ყველა სასულიერო პირს. ეხება გარკვეულ ნაწილს და ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, თავადვე მიხვდებიან. თუ შიმშილობა არაქრისტიანულია და ეს ადამიანი განსაცდელშია, შევიდნენ მასთან, თუ შეეშალა, დაარიგონ და მოისმინონ პასუხები. მერწმუნეთ, მატროსოვის ციხე უფრო ახლოს არის საპატრიარქოსთან, ვიდრე რომელიმე ტელევიზია.

– გასაგებია… დაბოლოს, მინდა გკითხოთ ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ… მან გვითხრა, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა და მიიღო სატელეფონო ზარები სიცოცხლის მოსპობის მუქარით… მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძის გარემოცვიდან ემუქრებიან…

– ირაკლი მამალაძეს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, თუ მას ვინმე ემუქრება, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, თუმცა ვიტოვებ უფლებას, რომ ეჭვი შევიტანო მის ამ განცხადებაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამჯერადაც ცრუობდეს. დარწმუნებული ვარ, პროკურატურას მუქარის ავტორის დადგენა არ გაუჭირდება. გაირკვევა, იყო თუ არა მუქარა, ან ვინ არის მუქარის ავტორი და რა კავშირი აქვს გიორგი მამალაძესთან.

primetime.ge

იტვირთბა....