აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მმართველი გუნდისგან პრეზიდენტის კრიტიკა მოსაწყენი და მოსაბეზრებელია“

პოლიტოლოგი „მეტრონომთან“ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს

 

ავტორი: ნინო ცხადაია

 

პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტში, პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ნაწილისგან შემდეგი შეფასებები მოჰყვა:

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: „მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“ ;

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტს: „თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით, ნელ-ნელა საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად იქეცით“;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი: „პრეზიდენტის გამოსვლაში ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა“;

პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე „მეტრონომთან“: „თუ პრეზიდენტი გამოვა, დაეწყობიან და დაიწყებენ მის კრიტიკას, რომ დაანახონ ვიღაცებს თავი, ვინ უფრო მაგრად გააკრიტიკა პრეზიდენტი. ეს არა მარტო მოსაწყენი და მოსაბეზრებელია, არამედ ცოტა მახინჯურიც ხდება“

პრეზიდენტი პარლამენტში რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების თემას და განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებელად, მან  ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დაავალა საჯარო დისკუსიები დაეწყო.

„დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო – არის სახელმწიფოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი. სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, როგორც ტერიტორიის, ისე მისი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ეს თანხმობა აყალიბებს უნარს, შევეწინააღმდეგოთ დამპყრობელს.

თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვაზე შევთანხმდეთ.

სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებელად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დაეწყო საჯარო დისკუსიები“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ახორციელებენ.

მან გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა ეკონომიკის მიმართულებით.

„ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციებით უნდა მიმდინარეობდეს. სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან – იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლის ფარგლებში, განაცხადა, რომ არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება.

მან ისაუბრა ასევე სასამართლო სისტემაზე და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კორპუსი საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას სრული დუმილით შემოიფარგლება:

„ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა და სათათბირო ოთახში. ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას სრული დუმილით შემოიფარგლება ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

მარგველაშვილმა სიტყვით გამოსლვისას ქართულ მედიასაც მიმართა: „მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია, მე ვისურვებდი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ“.

პრეზიდენტის გამოსვლა უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მარგველაშვილის გამოსვლა არ იყო ობიექტური და ღრმა:

„მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ქვეყნის პირველი პირისგან  დასაწყისშივე გაკეთდა მცდარი, ცალმხრივი, არაობიექტური, მიკერძოებული და არანეიტრალური აქცენტები:

„პრეზიდენტი ისე წარმოჩინდა, როგორც მხარე, რაც ძალიან სამწუხაროა. როცა საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარ თავში ჩაკეტილ, დიალოგის არმოსურნეს უწოდებ და ვითარებას აფასებ, როგორც საფრთხის შემცელს, ეს მაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ, მისი აქცენტები რეალობას აცდენილი იყო“- განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა ამერიკის ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერმაც. მისი თქმით, მისი გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„მან ისეთი საკითხები მიმოიხილა და ახსენა, რომლის შესახებაც ამ ბოლო პერიოდში, საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ და საქართველოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო. ამავდროულად, ნატო-სთან დაკავშირებით გეტყოდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება და პოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ცნობილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს და ამისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერა გვაქვს გამოხატული“, – აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ  მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა და  ეს ეტყობოდა დარბაზსაც, რადგან ყველა ძალიან დიდი ყურადღებით ისმენდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის მწვავე კრიტიკით წარსდგა,  რასაც „ქართული ოცნების“ წევრები ტაშით შეხვდნენ:

„სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით და დღემდე ველოდები თქვენს მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ. მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ძალიან ადვილად შეეგუეთ!”, – მიმართა მარგველაშვილს სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც „მეტრონომთან“ პოლიტოლოგმა ნოდარ ხარშილაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს საკმაოდ კარგი გამოსვლა ჰქონდა და მან  კრიტიკულად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები:

„პრეზიდენტს ჰქონდა საკმაოდ კარგი გამოსვლა იქიდან გამომდინარე, რომ მან კრიტიკულად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მიუთითა იმ ძირითად მინუსებზე და მოვლენებზე, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას და მოუწოდა მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობიდან, დამთავრებული უსაფრთხოების სისტემამდე, რათა  ყველა სფეროში რაღაც პროგრესი დაფიქსირდეს. თუმცა სამწუხაროა, რომ მთავრობისთვის ეს სწორად არ იქნა მოსმენილი და ლაპარაკობენ იმაზე, რომ პრეზიდენტი იყო არაობიექტური“- აღნიშნა „მეტრონომთან“ ხარშილაძემ.

მან შეაფასა მმართველი გუნდის გამოხმაურებები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის დღევანდელი გამოსვლა იყო ძალიან ღრმა.

„ძალიან ცუდი რამე ემართება ხელისუფლებას – ეს არის ის, რომ კარგავს კრიტიკის აღქმის შესაძლებლობას, რაც ძალიან ცუდი პროცესების საწყისია ხოლმე.

პრეზიდენტმა ძალიან დროული და სწორი აქცენტები გააკეთა ბევრ თემაზე, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე, ქვეყნის ადმინიტრაციულ მმართველობასა და ქვეყნის და სხვა საზოგადოებრივ პროცესებზე“- აღნიშნა ხარშილაძემ.

რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს,  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ  პრეზიდენტს  არ აქვს პასუხისმგებლობა მთავრობის მუშაობაზე და არასერიოზულია, რომ გიორგი მარგველაშვილმა  მთავრობას გარკვეული მიმართულებები მისცეს. სესიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს უფლებამოსილების გადაცდენა იყო.

სესიაშვილის ამ განცხადებას, პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე „მეტრონომთან“ არ ეთანხმება:

„ვერ დავეთანხმები ბატონ სესიაშვილს. ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებას  არ ცდება. დღევანდელ ხელისუფლებას პრობლემა აქვს – არასწორად აანალიზებს იმას, რაც დოკუმენტებში წერია და შემდეგ არასწორ დასკვნებს აკეთებს. შემდეგ  თვითონვე უდგებათ ხოლმე წინ ეს ყველაფერი, დაწყებული სასამართლოში მიმდინარე პროცესებით, დამთავრებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხით.

თუ პრეზიდენტი გამოვა, დაეწყობიან და   იწყებენ მის კრიტიკას, რომ დაანახონ ვიღაცებს თავი, –  ვინ უფრო მაგრად გააკრიტიკა პრეზიდენტი. ეს არა მარტო მოსაწყენი და მოსაბეზრებელია, არამედ, ცოტა „მახინჯურიც“ ხდება“- აღნიშნა ხარშილაძემ „მეტრონომთან“.

 

 

 

იტვირთბა....