აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ტრამპი ISIS-ს გაანადგურებს“: სირიაზე შეტევას რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა, როგორც ამერიკის ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. იყო თუ არა ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი და რა რეაქცია შეიძლება ამას რუსეთის მხრიდან მოჰყვეს, ამის შესახებ „მეტრონომი“ ექსპერტებს ესაუბრა.

როგორი იქნება ტრამპის გადაწყვეტილებაზე დანარჩენი მსოფლიოს რეაქცია და ვინ იქნება მისი მოკავშირე. იყო თუ არა ეს ტრამპის გამოცდა, რომელსაც მსოფლიოსთვის და კრემლისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ის ობამას მსგავსი უხერხემლო პოლიტიკის გატარებას არ აპირებს და ამერიკა კვლავ სუპერ სახელმწიფოა, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს თავის მხრივ დაალაგებს.

შეგახსენებთ, რომ დარტყმები სირიაში ჰომსის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმის ფაქტი გამოვლინდა. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, მაგრამ ზუსტი რაოდენობა უცნობია.

პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „მეტრონომთან“ განაცხადა, რომ ამერიკას სხვა შანსი არ ჰქონდა და მას ასადის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები უნდა განეხორციელებინა. ლაგაზიძე ფიქრობს, რომ მას სულ მცირე ქვეყნის სახე უნდა გადაერჩინა, რათა ობამას მიერ განხორციელებული გამანადგურებელი პოლიტიკის ფონზე, ამერიკას ძველი სახელი დაბრუნებოდა.

პოლიტოლოგის აზრით, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ტრამპის ერთგვარ ტესტად და გამოცდათაც ჩავთვალოთ. იქნებოდა თუ არა ის ობამასავით უხერხემლო პოლიტიკის გამტარებელი. ხოლო მოვლენების ამგვარად განვითარება კი იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპის და პუტინის სამეგობრო და სამოკავშირო ურთიერთობა დასაწყისშივე ჩაიშალა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სირიაში მომხდარ ვანდალიზმზე ამერიკა თუ თვალს დახუჭავდა, მის როგორც სუპერ სახელმწიფოსთვის გამანადგურეელი დარტყმა იქნებოდა, განსაკუთრებით კი ტრამპისთვის, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტრილება, პირველ რიგში, ამერიკის სახელის და რეპუტაციის გადარჩენას ემსახურება.

„არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის ქმედება ერთჯერადი სახის არ იყოს და მას ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი სახე ჰქონდეს. ამ ამბამდე ათი დღით ადრე, ამერიკაში ყველა ანტიტერორისტული წევრი ქვეყნები მიიწვიეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი მიდგომები შეემუშავებინათ.

ამ შეხვედრას კი საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. როგორც ჩანს, ტრამპის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის მომხრეები გავხდებით. ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ტრამპის პოლიტიკა ამ კუთხით გაცილებით რეალისტური და აგრესიული იქნება, ვიდრე ეს ობამას პერიოდში იყო. რომლის უხერხემლო პოლიტიკამაც ახლო აღმოსავლეთში სისხლის ღვრა გამოიწვია, ხოლო პუტინი კი შემცვლელ ლიდერად აქცია.

რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, პუტინი თამამია იმდენად, რამდენადაც უხერხემლო იქნება ამერიკის პოლიტიკა. თუ ტრამპი შეძლებს, რომ პუტინის ბოლო წლების პოლიტიკის იმიჯი გადატეხოს, მას უკან დახევის  სხვა გზა აღარ ექნება.

დღეს ევროპას არ ჰყავს ისეთი ლიდერი, რომელიც პუტინის აგრესიას შეაჩერებდნენ, ამიტომაც დღეს, ყველაფერი ტრამპის ზურგზე იქნება დამოკიდებული და ევროპა მის ყველა ქმედებას დიდი ინტერესით დააკვირდება“, – ამბობს ლაგაზიძე „მეტრონომთან“.

მისივე თქმით, ახლა მსოფლიო პოლიტიკაში არსებული ყველა რეალობა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის არასწორი პოლიტიკის შედეგია, ამიტომაც ტრამპს მისი გამოსწორების შანსები აქვს. რაც შეეხება საქართველოს როლს ამ სიტუაციაში, პოლიტოლიგი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამერიკის პარტნიორია და საქართველო მის მოქმედებებზე პირდაპირ მიბმული იქნება.

სამხედრო პერსონა, ბრიგადის გენარალი ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ლოგიკურია. ის ფიქრობს, რომ ადეკვატურია ქმედება, განახორციელო დარტყმები იმ ძალებზე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიურ იერიშს ახორციელებენ.

გენერალი ფიქრობს, რომ ტრამპს დიდი სახელმწიფოების მხრიდან დადებითი მხარდაჭერა ექნება. ხოლო რაც შეეხება რუსეთის რექციას, სალუქვაძე ამბობს, რომ პუტინის საპასუხო რეაქციამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია გამოიწვიოს.

პუტინი ბაშარ ასადის ხელსუფლების მომხრეა და ის მის დასაცავად ყველა ღონეს იხმარს. თუმცა, გენერალის თქმით, პუტინს ჯერ-ჯერობით, არც მკაცრი განცხადებები და არც რადიკალური ქმედება არ განუხორციელებია. ამის ნათელი მაგალითი კი ის არის, რომ რუსეთმა, სირიაში განლაგებული  S400-ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები არ გამოიყენა, რომელიც ასადის არმიის დასაცავად აქვს განლაგებული.

„პუტინი განცხადებით შემოიფარგლა, რომ ამერიკის ქმედებები არის აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს არ უწყობს ისედაც სავალალო მგომარეობაში მყოფ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს. პუტინის რეაქცია მიუთითებს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ამერიკასთან დაპირისპირებაში შესვლას არ აპირებს. დიდი ალბათობით, ირანის რეაქციაც რუსეთის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე არც ირანისგან ველი რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, გარდა გაკეთებული განცხადებისა. ის რაც, ქიმიური იარაღის გამოყენება თუ საწყობის აფეთქება იყო, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მართალია რუსეთი ამბობს, რომ კადრების დადგული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სირიის ავიაციის დაბომბვისგან გამოწვეული ქიმიური იარაღის აფეთქების შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.

როცა მსოფლიო მედიაშია ქიმიური იარაღისგან დაღუპული ადამიანების შედეგად ინფორმაცია გავრცელდა, რუსეთმა აღიარა, რომ ობიექტზე, სადაც ქიმიური იარაღი იმყოფებოდა, საავიაციო იერიში ასადის ავიაციამ მიიტანა. ამ განცხადების გაკეთება ალბათ იმ მიზეზით იჩქარეს, რომ მსოფლიოს რუსეთის ავიაცია არ დაედანაშაულებინა ამ ფაქტის გამო.

ამ სიტუაციაში ტრამპის გადაწყვეტილება დროული და ადეკვატური იყო. რაც შეეხება დიდი ქვეყნების რეაქციას, ევროპისგან უარყოფითი არ იქნება. ჩინეთი ალბათ, რუსეთის მსგავს განცხადებას გააკეთებს.

რუსეთი მოსულის გასათავისუფლებლად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს კონტრარგუმენტების სახით მოიშველიებს, რომლის დროსაც იღუპება მშვიდობიანი მოქალაქეები.

თუმცა, სულ სხვაა როდესაც მშვიდობიანი მაქალაქეების მასობრივი განადგურება ქიმიური იარაღით ხდება. ეს არის საერთაშორისო ნორმების და კონვენციების დარღვევა“, – ამბობს სალუქვაძე „მეტრონომთან“.

მისივე თქმით, ის მოლოდინი, რაც ტრამპის და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტ-ელიტაში, მედიასა თუ საექსპერტო საზოგადოებაში იყო, რომელსაც რუსეთ-ამერიკის დათბობა უნდა მოჰყოლოდა, ფაქტობრივად გაქარწყლებულია.

სალუქვაძის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილებამ ასადის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ, ეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ჩიხში შევა.

გენერლის თქმით, ტრამპს თვითონ ჰქონდა ურთიერთობების დალაგების სურვილი. თუმცა ინაუგურაციის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ყველასათვის ცნობილი ამერიკული სახელმწიფო მანქანა ამუშავდა, პრეზიდენტს უკვე სხვა დონის ინფორმაციები და ანალიზი მიეწოდება, რომელთა საფუძველზეც ტრამპის განცხადებები და  ქმედებები რუსეთთან მიმართებაში შეიცვალა.

„რაც შეეხება იმას, ეს ფაქტი  გამოიწვევს თუ არა რუსეთსა და ამერიკას შორის ცივ ომს, მინდა გითხრათ, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივი ომი უკვე დაწყებულია, რაც 2014 წლის ყირიმის და დონბასის მოვლენებს მოჰყვა და ყირიმის ოკუპაციით დასრულდა.

დღეს, ცივი ომის ყველა მახასიათებელი არსებობს, ეს არის ცხელი რიტორიკა, ეკონომიკური სანქციები, არის საინფორმაცია და კიბერ-ომი, რომლიც ამერიკის საარჩევნო პროცესში ჩარევითაც კი გამოიხატა.

ფაქტობრივად, ღია სამხედრო დაპირისპირების გარდა, ყველა ის გარემოება არსებობს, რაც ცივი ომის პირეობებში მიმდინარეობს. თუ სიტუაცია ესკალაციისკენ წავიდა, შესაძლოა სირიის მსგავსად დიდი ქვეყნების დაპირისპირების ობიექტი სხვა ქვეყნებიც გახდეს.

თუ ამერიკის არმია, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ინტენსიური სახის ზეწოლას დაიწყებს, რა თქმა უნდა, რომ ვერ გაუძლებს. მიუხედავად რუსეთის აქტიური მხარდაჭერისა.

მაშინ კრემლს თავისი სამხედრო დაჯგუფების გაძლიერება, ან სირიის დატოვება მოუწევს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სირია ერთიანობის შენარჩუნებას ვერ შესძლებს. რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“ ტრამპი მის გასანადგურებლად ყველა ზომებს მიიღებს, რადაც არ უნდა დაუჯდეს“, – ამბობს გენერალი „მეტრონომთან“.

 

 

 

იტვირთბა....