საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, შესაძლოა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები მისი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით აზვიადებენ. ამის შესახებ მან „მეტრონომს“ განუცხადა.
მისი თქმით, სასულიერო პირები არ შიმშილობენ განსაცდელის დროს.
„ზუსტი ინფორმაცია როცა გაირკვევა, შემდეგ ალბათ, რეაგირება იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია ზუსტი იყოს. შეიძლება, მამა გიორგიმ მარხვა გაამკაცრა და მათ ჰგონიათ, რომ ეს შიმშილია“- აღნიშნა „მეტრონომთან“ დეკანოზმა.
რაც შეეხება მამა გიორგის მონახულებას, მან განაცხადა, რომ როცა ზუსტად გახდება ცნობილი თუ რას ითხოვს დეკანოზი გიორგი მამალაძე, ამის შემდეგ იქნება რეაგირება:
„შეიძლება მეც შევიდე მასთან, შეიძლება სხვა რომელიმე სასულიერო პირი“- აღნიშნა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო, ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. მათი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, დეკანოზი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტორი: ნინო ცხადაია