ავტორი: ელზა პაპოშვილი
არჩევნების შემდეგ რა ტენდენციებს გვაჩვენებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი კვლევა, რომლის შედეგებსაც უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ და ამავე დროს აქტიურად განიხილავენ ქართულ საზოგადოებაში. „მეტრონომი“ კვლევებში მოცემული რეიტინგების და პარტიათა გადანაწილების შესახებ პოლიტოლოგებს ესაუბრა.
ვინ კარგავს და ვინ იძენს მხარდამჭერებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რატომ ვერ ყალიბდება ე.წ. „მესამე ძალა“? რამდენად შეიცვალა საზოგადოების განწყობა და პოლიტიკური სიმპათიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რა ტენდენციები იკვეთება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით: კითხვაზე – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ 30%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, „ევროპული საქართველო“ – 8%.
საქართველოს მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. გამოკითხულთა 5% მხარს უჭერს პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს – 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით.
გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.
რეიტინგში მეორე ადგილი – 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % – სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % – მინისტრთა კაბინეტის.
პოლიტოლოგი გია ნოდია „მეტრონომთან“ აბობს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული პარტიების რეიტინგი ლოგიკურია და მისთვის ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო.
ნოდიას განცხადებით, არჩევნების სიტუაცია ყოველთვის სულ სხვაა და ის ხშირად ასეთი გამოკითხვებისგან განსხვავებული შედეგით გამოირჩევა, თუმცა, საზოგადოებაში არსებული განწყობა ამ კვლვებში სწორად არის მოცემული.
პოლიტოლოგის თქმით, გამოკითხულთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის ხმას ვის მისცემდა, რაც არჩევნებსა და გამოკითხულთა შორის წინააღმდეგობაში არ მოდის. ექსპერტი ამბობს, რომ ქართველი ამომრჩევლის ტენდენციიდან გამომდინარე, სამთავრობო პარტია ყოველთვის უფრო მეტ ხმას იღებს.
ნოდიას განცხადებით, არიან ადამიანები რომლებსაც არავინ მოსწონთ, ხოლო არჩევნების დროს, ხმას შედარებით სტაბილურობას აძლევენ. ამიტომაც არის, რომ ამ კვლევის მიხედვით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი დაკლებულია.
რეალურად „ოცნებას“ სწორედ ეს ამომრჩეველი ჰყავს, ხოლო არჩევნებზე მას ხმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებმა იმის შიშით მისცა, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ დაძაბულიყო ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ მოსულიყო.
“რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ რეიტინგს, ვაღიარებ, რომ უფრო ნაკლებ შედეგს ველოდი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ მოცემულობამ, სადაც „ევროპულ საქართველოს“ 7%-ი აქვს.
გამოდის, რომ „ნაციონალებს“ გაყოფის შემდეგ, ამომრჩევლის ნაწილი წაართვა. ვიცით, რომ თავისთავად პარტიის გაყოფა, მის ამომრჩეველს გულს უცრუებს. თუმცა, ამ გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ასე არ მოხდა. ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ახლა არცერთი მათგანი, არც „ნაციონალები“ და არც „ევროპული საქართველო“ მათთვის მისაღები აღარ არის. ვფიქრობ, ორივე პარტიისთვის ჯამში კარგი შედეგია.
ასევე თუ გამოვრიცხავთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს იკავებენ და არ ამბობენ ხმას ვის აძლევენ, მაინც კარგი მონაცემებია. გასახარი შედეგი შეიძლება არ არის, მაგრამ დამაკმაყოფილებელი ნამდვილადაა.
რაც შეეხება, პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევას, ვნახეთ რომ 92%-ი ემხრობა. ჩემთვის ესეც მოსალოდნელი იყო, ერთი რომ მარგველაშვილმა შეძლო, ქართულ პოლიტიკაში ისეთი ნიშა დაეკავებინა, რომ არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც სხვა რომელიმე პარტიებთან ყოფილიყო ასოცირებული. მან მოახერხა და საზოგადოებას ცალკე დამოუკიდებელ ფიგურად თავი დაანახვა. ეს როგორც ჩანს, ქართველმა ამომრჩეველმა დაუფასა.
ამანაც იმოქმედა, საზოგადოების იმ განწყობაზე, რომ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა. საზოგადოება ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევა თუ პროპორციული წესით მოხდება, მაშინ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვერ იქნება. როგორც წესი ნებისმიერი არჩევის დროს, ხალხს პირდაპირი წესით არჩევა ურჩევნია, რადგანაც ის ფიქრობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არჩევანის უფლებას ართმევენ“, – ამბობს ნოდია.
მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია ამ მონაცემებით, ცალკე როგორც ახალმა პოლიტიკურმა ფიგურამ თამაში დაიწყოს. ნოდია ფიქრობს, რომ ბუნებრივი მოვლენა იქნება, თუ ამ მონაცემებს პრეზიდენტი თავისი სწორი პოლიტიკური მოქმედებებით კიდევ უფრო გაამყარებს ან გააუმჯობესებს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბედს ცდის.
„რაც შეეხება ინსტიტუტების რეიტინგს, გასაკვირი არ არის, რომ ეკლესია პირველ ადგილს იკავებს და მას ქართული არმია მოჰყვება. თუმცა, ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეა და მას თუ წინა გამოკითხვებს შევადარებთ, ცოტა დაკლებულიც აქვს.
როგორც ჩანს, ე.წ. ცაინიდსი საქმემ და საპატრიარქოში შიდა დაძაბულობამ, საზოგადოებაში მაინც დამოკიდებულება შეცვალა და ეკლესიის მიმართ, უფრო კრიტიკულად განეწყო.
რაც შეეხება ჯარს და მის რეიტინგს, ესეც ბუნებრივი მოვლენაა, რადაგანაც ის პოლიტიკისგან დამოუკიდებული და დისტანცირებული ინსტიტუტია. ამიტომ ის მოსახლეობას არ აბრაზებს და ყველასია“, – ამბობს ნოდია.
კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევაში მოცემული პროცენტები და პარტიების რეიტინგი რეალობას ზუსტად ასახავს. მისი თქმით, ქვეყანაში სწორედ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა და ვითარებაა, რაც კვლევების მიხედვით არის განაწილებული.
მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დაეცემოდა. ძაბირაძე ამბობს, რომ „ნაციონალური“ მოძრაობის ორად გაყოფის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ მისი ამომრჩეველი გაიყოფოდა. ხოლო რაც შეეხება „ოცნებას“ ამ შემთხვევაში მას ისევ ის ამომრჩევლი დარჩა, რაც არჩევნებამდე ჰყავდა, რადგანაც მათ საზოგადოებაზე საარჩევნო მანიპულაციის დროს, ამომრჩევლი ოპოზიციას მოპარა. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ კვლევის მიხედვით, მათ ძალიან კარგი შედეგი აქვთ.
თუმცა, პარტია ახალი შექმნილია და მათ ყველაფერი წინ აქვთ. კონსტიტუციონალისტი „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ელის. მისი აზრით, ყველა პოზიციაზე მოსალოდნელია, რომ „ოცნება“ გაიმარჯვებს, რაც საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას გაზრდის.
„ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგია საპარლამენტო არჩევნების დროს შეცვალა და მოსახლეობაზე გარკვეული ზემოქმედების შედეგად, ამომრჩევლის რიცხვი მოიმატა. ამაში იმ პროპაგანდას ვგულისხმობ, როდესაც მათ მოსახლეობას განუცხადეს, რომ თუ ხმას არ მისცემდნენ, ხელისუფლებაში „ნაციონალები“ დაბრუნდებოდნენ. რამაც საკმაოდ კარგად იმოქმედა. შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ „ოცნებამ“ თავისი ამომრჩევლი დაკარგა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მან მომხრეები ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაკარგოს.
კვლევებით ჩანს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არცერთ პოლიტიკურ პარტიებს არ წყალობს და მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. რაც უფრო დრო გავა, ახალ პოლიტიკურ ძალაზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდება.
მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა უკვე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებელი გახდება. ორად გაყოფილი „ნაციონალების“ პერსპექტივას, რომ „ოცნების“ ამომრჩეველი მათ მხარეზე გადავა, ნაკლებად ვხედავ. ისინი უფრო ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინში არიან.
ვფიქრობ „ოცნება“ ამომრჩეველს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაკარგავს, რადგანაც ყველა პოზიციაზე დიდი ალბათობით ისინი გაიმარჯვებენ, რაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილების ფონი კიდევ ურფო მოიმატებს.
თუმცა, სად წავა და ვის მხარეს დაიკავებს ეს ადამიანები, ამას უკვე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები და სიტუაცია გვიჩვენებს. არ ველოდები, რომ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიმე ოპოზიციურეი პარტია მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებს “, – ამბობს ძაბირაძე „მეტრონომთან“.
მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. მისი აზრით, ამომრჩეველში ინერცია მუშაობს. მართალია ქვეყანა გარკვეულ წილად საპარლამენტრო მმართველობაზე გადავედით, მაგრამ მოსახლეობა პრეზიდენტთან ყველაფერ იმას აიგივებს, რაც აქამდე იყო.
ამიტომ ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტი მაინც ის მთავარი ფიგურაა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე და ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს. ძაბირაძის აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორც ოპოზიციურ ორგანოს ისე აღიქვამენ.
ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააწონასწორებს. შესაბამისად, მარგველაშვილის პირველ ადგილზე ყოფნას, პოლიტოლოგი საზოგადოების ამ ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებით ხსნის.
მისი აზრით, პრეზიდენტმა საკმაოდ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა და ეს კვლევაშიც კარგად გამოჩნდა. ამიტომ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ მარგველაშვილს საზოგადოებისგან მწვანე შუქი აქვს, რათა მან საპრეზიდენტრო არჩევნებზე ბედი კიდევ ერთხელ სცადოს.