პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ და გადაწყვეტილება ამის შესახებ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა მიიღო. ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის „ლაივ-სტრიმი“ მიეწოდება, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის ეთერში გავა:
”როგორც მოგეხსენებათ, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან „ლაივ-სტრიმს“ გადასცემს. ეს არის ე.წ. შავი „ლაივ-სტრიმი“, რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ”საზოგადოებრივი მეუწყებლის” მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ. ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი – ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩათვლის. ისეთაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDშ-ის გუნდის ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, მას ამ თემაზე ჟურნალისტებმა უკვე მიმართეს. მდინარაძემ განაცხადა, რომ საკითხში დეტალურად გაერკვევა.