ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაზარალებულთა უფლებები კვლავ არ არის დაცული”

„პრობლემურია ის საკითხი, რომ ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულთა უფლებები კვლავ არ არის დაცული“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ”ცენტრ პოინტის” საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური შეფასება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გაეცნობა.

”პრობლემურია ის საკითხი, რომ ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულთა უფლებები კვლავ არ არის დაცული. ანუ საუბარია იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს კომპენსაციების გაცემას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულთა უფლებების დაცვა და შემოთავაზებულია კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ დაზარალებულთა უფლებები იყოს დაცული”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა”თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.

პროკურატურა “ცენტრ-პოინტის” საქმეზე მსჯავრდებულებისთვის, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას ძალაში ტოვებს.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურატურის პოზიცია უკვე ცნობილია, კერძოდ საუბარია 6000-მდე დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შესახებ.

იტვირთბა....