„დღევანდელი რეალობა ცხადყოფს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის განზრახვა გადაცემების მასიურ დახურვაზე სულ სხვა ინტერესებს ემსახურებოდა“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა და მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხმა, პროფკავშირებში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან საზოგადოებრივ მაუწყებელში გაზრდილი სახელფასო პოლიტიკისა და ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომელთა პორტირების შესახებ ისაუბრა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. წინა მენეჯმენტის მანკიერი პრაქტიკა ამ დრომდე ძალაშია. “ახალი” მენეჯმენტი, რომელიც მაუწყებელში არსებულ კორუფციაზე და ეწ „კარმუშკაზე“ ღიად საუბრობდა, თავადვე უშვებს იმ შეცდომებს, რომლის გამოსაწორებლადაც თითქოსდა თავად მოვიდა.
ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან მხოლოდ 2 თვეში სახელფასო ფონდი თითქმის 25 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საერთო ხარჯები 200 ათას ლარს ბევრად აღემატება. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ახალი, ანუ კოჰაბიტირებული მენეჯმენტი გადაცემების დახურვას და ადამიანების სამსახურიდან მასიურ დათხოვნას, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით აანონსებდა. მტკივნეული პროცესები მაშინ პროფკავშირების, საზოგადოებისა და მესამე სექტორის აქტიური ჩართულობით დროებით, გადაიდო, თუმცა ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა. რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობა და ზემოთაღნიშნული მონაცემები ცხადყოფს იმას, რომ მენეჯმენტის განზრახვა გადაცემების მასიურ დახურვაზე სულ სხვა ინტერესებს ემსახურებოდა“ – აღნიშნა მესხმა.
მისი თქმით, ტელეკომპანია GDS-იდან თანამშრომელთა პორტირება ყოველგვარი ტესტირებისა თუ კონკურსის გარეშე მოხდა. როგორც მესხი ამბობს, ოფიციალური მონაცემებით, „მოამბეში“ GDS-იდან 11 თანამშრომელი გადავიდა, თუმცა ჟურნალისტის თქმით, ეს პროცესი არ მთავრდება და აპრილიდან შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ეს და სხვა მრავალი ფაქტი, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საკადრო პოლიტიკას მხოლოდ პირადი სიმპათიები წყვეტს, რაც უდიდესი პრობლემაა იმ კუთხითაც, რომ საქმე საბიუჯეტო სახსრებს, ხალხის ფულს ეხება! რომ არაფერი ვთქვათ საინფორმაციო გამოშვების მიმართ უნდობლობასა და პროცესების ბუნდოვანებაზე. საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ მონაცემებში ჯერჯერობით, არ არის ასახული ტელეკომპანია GDS-იდან გადმოყვანილი თანამშრომლების ანაზღაურება.
პროცესები მარტივია, მენეჯმენტი, რომელიც მოვიდა არხის ასაყვავებლად, კოალიციას კრავს ძველ მენეჯმენტთან და ასე ერთხმად ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაგდება. თუ ჩვენ სწორება გვაქვს ევროკავშირზე, “ბიბისიზე”, “დოიჩე ველეზე” და ა.შ. ჩვენს მაუწყებელში საბჭოთა მეთოდებით არ უნდა ვმართავდეთ მოვლენებს, არ უნდა ვდევნიდეთ განსხვავებულ აზრს, არ უნდა ვებრძოდეთ პროფკავშირს და ანგარიშვალდებულება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალურიც უნდა გვქონდეს იმასთან ვისიც რეალურად არის ეს ტელევიზია, ანუ ქართულ საზოგადოებასთან და არა რომელიმე პოლიტიკურ ელიტასთან“ – აცხადებს ლაშა მესხი.
როგორც „მეტრონომს“ ჟურნალისტმა განუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მისი გათავისუფლების საკითზე, სარჩელის თაობაზე, პროფკავშირების იურიდიული სამსახური მუშაობს, მანამდე კი სანამ სასამართლო იქნება სახალხო დამცველი მოკვლევას დისკრიმინაციის ფაქტზე აწარმოებს. მესხი იმედოვნებს, სასამართლო განხილვები მალე ჩაინიშნება.
შეგახსენებთ, „მოამბის“ ჟურნალისტი ლაშა მესხი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თვის დასაწყისში გამოუშვეს. მისი განმარტებით, მისი გათავისუფლებიდან ერთი თვის წინ, 13 თანამშრომელს ერთთვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის ვადაც ამოიწურა, თუმცა მხოლოდ ის, ობიექტური მიზეზების გარეშე გაუშვეს სამსახურიდან.
მესხის განცხადებით, ეს არის იერიში არა მხოლოდ პირადად მასზე, არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე.
„13 თანამშრომელს ჰქონდა ერთთვიანი კონტრაქტი, ამ 13 ადამიანიდან მხოლოდ მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, რომელიც კოჰაბიტირებული მენეჯმენტისთვის იყო ხელისშემშლელი. ჩემი განსხვავებული აზრები გახდა იმის საფუძველი, რომ მე აღარ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი,“ – აცხადებს მესხი.
ჟურნალისტის გათავისუფლების თაობაზე მაშინვე კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ლაშა მესხთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს. იგეგმება თუ არა სხვა თანამშრომლების გათავისუფლება, გიორგი გვიმრაძეს არ დაუკონკრეტებია.
ნინო ცხადაია