თბილისის პროკურატურამ გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის დაკავებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ინფორმაციას დაკავებული ხარშილაძის დედა, ელისო კილაძე ავრცელებს. გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ დავით ხარშილაძის დაკითხვა გლდანის ციხეში ადვოკატის თანდასწრებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხარშილაძემ გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
ელისო კილაძე ყველა იმ სამართალდამცველის დაკითხვასაც ითხოვს, რომლებიც დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
“ჩემი შვილის დავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ქ.თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ხუთი საათის განმავლობაში გლდანის ციხეში ადვოკატის თანდასწრებით მიმდინარეობდა მისი დაკითხვა. დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას ! ვნახოთ რას იზამენ.
თუ იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ დამნაშავეები დასაჯონ, დამნაშავეები დაისჯებიან, თუ არ იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება დამნაშავეები არ დაისჯებიან და ეს გამოძიება იქნება ფორმალური,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.