„ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ამოღების საკითხზე განაცხადა.
„ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. სომხური მხარე შეიძლება ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ ამის თაობაზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის Игла-ს ამოღების შესახებ ინფორმაცია სომხეთის ეროვნულმა უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მათ ამ თვეში მიიღეს ინფორმაცია სომხეთში საქართველოს ტერიტორიიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Игла-ს კონტრაბანდულ ტრანსპორტირებაზე. განხორციელებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებულია გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს Игла-ს ასამოქმედებელი ლულა 9М39 ტიპის რაკეტასთან ერთად.