ამ წუთებში ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც სავარაუდოდ სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ინფორმაცია ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გაავრცელა.
”ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში გადაადგილდებიან რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები, რომლებსაც გადააქვთ შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების. ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთის წინ მივიღეთ ადგილიდან. პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რა დანიშნულების არის ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და მე ვფიქრობ, აუცილებელია ამ საკითხის იქ დაყენება. ტვირთი გადაადგილდება სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ. როგორც მცოდნე ადამიანები მეუბნებიან, დიდი ალბათობით, ეს არის სამხედრო ტექნიკა, ე.წ. ბუკის დანადგარი”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.