საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გაიხსნა: სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ნაპოვნია გატაცებული ავტომობილი. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისში, საბურთალოზე ერთი პირი დააყაჩაღეს და იარაღის მუქარით BMW-ს მარკის X5 სერიის ავტომობილი გაიტაცეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ან სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. თუ მსგავსი ქმედება არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით ან დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით მოხდა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. თუ დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან იმ პირის მიერ მოხდა, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამძლეობისათვის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.