ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს 9 ყოფილი თანამშრომელი მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟს, ბერა ივანიშვილს ასახელებს.
მათი მტკიცებით, პოლიციელები სამსახურიდან ერთდროულად მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილის მეგობარი დააკავეს. დაკავების მიზეზი ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირება იყო.
„დაიწყოს გამოძიება ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოდან უკანონოდ გათავისუფლებისა და შსს-ს მაღალჩინოსნების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთ დღეს გათავისუფლებული იქნა 9 პოლიციელი. მათ დააკავეს ადამიანი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის ახლობელი და ამის შემდეგ ბერა ივანიშვილის ჩარევის შედეგად მოხდა მათი სამსახურიდან გათავისულება“- განაცხადა პოლიციელთა სოციაციის ერთ-ერთმა წევრმა „რუსთავი 2“-თან.
ამ ფაქტის გამოძიებასა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების დადგენის მოთხოვნით პოლიციელთა ასოციაციის წევრებმა მთავარ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართეს.