„პრეზიდენტი თუ ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის, თანამშრომლობის პრობლემა არ გვექნება“: უსუფაშვილის შემდეგ „თავისუფალი დემოკრატებიც“ საკუთარ აზრს აფიქსირებენ
პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია”, პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილი „მეტრონომთან“ საუბრისას, წინასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით მარგველაშვილი შესაძლოა წინასაარჩევნო მოთელვას ახორციელებდეს.
მათი აზრით, პოლიტიკოსის მხრიდან დაგეგმილი ნებისმიერი აქტივობა, ირიბად მაინც წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. მითუმეტეს როდესაც ქვეყანაში, ავტორიტეტული ფიგურების ნაკლებობაა და საზოგადოებაში მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის მზაობა კვლავ არსებობს.
პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე თუ მარგველაშვილი ცალკე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად წარსდგება და მას თანამოაზრეები ეყოლება, გარკვეული წარმატების შანსი აქვს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტთან სამომავლო პოლიტიკური თანამშრომლობა არ გამორიცხა და მსგავსი სახის მზაობას „მეტრონომთან“ საუბრისას „თავისუფალი დემოკრატებიც“ გამოთქვამენ.
კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა და მოსახლეობასთან შეხვედრა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მან შესაძლოა წინა საარჩევნო აქტიურობა უკვე დაიწყო, ან დამოუკიდებლად პოლიტიკური თამაშის სურვილი გაუჩნდა.
მისი თქმით, თუ ეს ასეა, ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგანაც ის თავის ამომრჩეველს კონსტიტუციის საკითხთან დაკავშირებით ხვდება. პოლიტოლოგის აზრით, პრეზიდენტმა მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის ის თემა მოძებნა, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. ის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა.
ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ მან სამომავლო პოლიტიკური მოღვაწეობისთვისაც გამოიყენოს.
„დღეს საქართველოში ოპოზიცია ძალიან სუსტია. ამიტომ სურვილი, რომ პრეზიდენტის და თუნდაც დავით უსუფაშვილის კონსოლიდაცია მოხდეს, ეს საზოგადოების დაკვეთაც მგონია. თუ ოპოზიცია რაიმე სახის საერთო თანამშრომლობას შეძლებს, ეს ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება.
თუ პრეზიდენტი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას აპირებს, რა თქმა უნდა, რომ ეს დავით უსუფაშვილისთვისაც ხელსაყრელი იქნება. უფრო მეტიც, ისინი ვალდებულები არიან, თუ ასეთი სახის შეხვედრები ჯერ არ დაუწყიათ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ.
აუცილებელია, რომ ქვეყანაში მესამე ძალა გაჩნდეს. ეს არის სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სრულიად აუცილებელი. ამიტომ ვალდებულები არიან, არა მარტო უსუფაშვილი და პრეზიდენტი, არამედ ის ოპოზიციური პარტიებიც გაერთიანდნენ, რომლებსაც ერთნაირი შეხედულებები და იდეოლოგია აქვთ. ავიღოთ თუნდაც „თავისუფალი დემოკრატები“ რომელთა თანამშრომლობასაც პრეზიდენტთან ნამდვილად მივესალმები“ – ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, არცერთ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციას ახლა დიდი ამომრჩეველი არ ჰყავს. ძაბირაძის აზრით, ხელისუფლების მიმართ, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი იზრდება და საზოგადოება პოლიტიკური სახით ახალ ავანგარდს ითხოვს. მას მიაჩნია, რომ თუ ამას პრეზიდენტი და უსუფაშვილი აცნობიერებენ, რაღაცა საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ და ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ.
პოლიტოლოგის განცხადებით, ამ ტანდემის შედეგი რა იქნება ძნელი სათქმელია, თუმცა თუ ეს ძალები თავის სტრატეგიას სწორად და მიზანმიმართულად წარმართავენ, მათ შანსი ნამდვილად ექნებათ. ამ ეტაპზე, თუ ეს მცდელობა დაწყებულია, კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ ეს უკვე პროგრესია და წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ის ვერსია, თითქოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაიწყო.
მისი აზრით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწად ნახევარია დარჩენილი და პრეზიდენტი თავადაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე ჩამოყალიბებული იყოს რა სურს.
„პრეზიდენტის მიერ დაწყებული აქტიურობა მისი უფლება არ არის, ეს არის მისი მოვალეობა, რადგანაც ის ხალხის არჩეულია და მასთან კომუნიკაციის ვალდებულება გააჩნია. მის მოვალეობაში შედის, რომ მან საზოგადოებას იმ დოკუმენტზე ესაუბროს, რისი გარანტორიც თავად არის. ის ამას რომ არ აკეთებდეს ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი.
ასევე არ მიმაჩნია, რომ ახლა ქვეყანაში ვინმე ისეთი ავტორიტეტული ადამიანი იყოს დარჩენილი, ვისაც საზოგადოებაში რაიმე სახის რეიტინგი ექნება. დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ ის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს გასაკვირი არ არის, რადგანაც სხვებისგან განსხვავებით, ის კარგი პოლიტიკოსია და მან იცის, რომ პოლიტიკაში არასდროს არაფერი არ უნდა გამორიცხო.
პოლიტიკაში ვითარება ხშირად იცვლება და მტრები მეგობრები ხდებიან და პირიქით. დღეს იმდენად ბუნდოვანი ვითარებაა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა პრეზიდენტის და უსუფაშვილის ტანდემის მომავალს დიდად ვერ ვხედავ. ტანდემი სინერგიის შესაქმნელად იქმნება და მათი გაერთიანებით არ მგონია, რომ ეს სინერგია შედგეს“, – ამბობს ხუხაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის გადაჭრით ვერ იტყვის, პრეზიდენტის მიერ დაწყებული აქტიურობა შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს.
თუმცა, თუ მარგველაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ მან როგორც ცალკე დამოუკიდებელმა ფიგურამ მოღვაწეობა განაგრძოს, შავგულიძე ფიქრობს, რომ მან ასეთი სახის აქტიურობა უკვე უნდა დაიწყოს.
მისი აზრით, თუ მარგველაშვილისგან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე შემოთავაზება იქნება, მისი პარტია ამ წინადადებას დიდი სიამოვნებით მიიღებს. შავგულიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ამაზე მზაობა იქნება და ის დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერასაც მიიღებს.
„ჩვენ პარტიას პრეზიდენტთან დღესაც საკმაოდ კარგი და მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მიგვაჩნია, რომ ის პოზიციები, რომელსაც პრეზიდენტი ახმოვანებს, ეს იქნება ცალკეულ კანონპროექტებთან დაკავშირებით თუ ვეტოს დადებაზე, ჩვენს პარტიასთან სრულიად თანხვედრაში მოდის.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ზრუნვაში, პრეზიდენტთან მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ. მას თუ მომავალში დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ექნება და მისი მხრიდან თანამშრომლობაზე შემოთავაზება იქნება, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ თანახმა ვიქნებით.
ჩვენთვის ნათელია, რომ პრეზიდენტის ორიენტაცია დამოუკიდებელი და სამართლიანი საქართველოს ჩამოყალიბებაა, რაშიც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. ამ ძირითად საკითხებში ჩვენ სრულიად თანხვედრაში ვართ და პრეზიდენტი თუ ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის, თანამშრომლობის პრობლემა არ გვექნება“, – ამბობს შავგულიძე.
ელზა პაპოშვილი