პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის განცხადებით, ის კვლავ პარლამენტს უბრუნებს კანონპროექტს საკუთარი შენიშვნებით:
„მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტების პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად და ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადში ორი ხარვეზი: პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე; მეორე, ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.