ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის ვეფხია ლომიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადებით უპასუხა და ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის ვეფხია ლომიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. მოსამართლის უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავლები ასახულია ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მასში მოყვანილი ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მას შემდეგ, რაც  მოსამართლე ვეფხია ლომიძემ განიხილა ელისო კილაძის შვილის,  ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ დავით ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა,  საინფორმაციო სააგენტოებზე მიკერძოებულად გავრცელდა მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, მასალაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია  მოსამართლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუმცა ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი სასესხო ვალდებულება, რომელიც მისსავე დეკლარაციაშია ასახული. დეკლარაციის შევსების სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში ინფორმაცია ცალ-ცალკე შეიტანება, როგორც მიწის ნაკვეთზე, ასევე მასზე განთავსებულ თითოეულ შენობა-ნაგებობაზე. აღნიშნულ სტატიაში კი თითოეული ნაგებობა ცალკე უძრავ ქონებადაა წარმოჩენილი.

დეკლარაციაში მითითებული ქონების აბსოლუტური უმრავლესობა შეძენილი და რეგისტრირებულია ვეფხია ლომიძის მოსამართლედ განწესებამდე რამდენიმე წლით ადრე. შესაბამისად, ინფორმაციის იმგვარად წარმოჩენა, თუნდაც ირიბად, რომ თითქოს მოსამართლე ვეფხია ლომიძის ძლიერი ქონებრივი მდგომარეობა მაკომპრომეტირებელი გარემოებაა, ცალსახად ემსახურება მოსამართლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ სანდოობის შემცირებას“- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძე, რომელმაც ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, შპს “პირამიდას” 100%-იანი წილის მფლობელია, საიდანაც ერთი წლის მანძილზე 56 000 ლარი აქვს აღებული. იქვე მითითებული იყო, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დავით ხარშილაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე 13 მარტს დააკავეს.

 

დავით ხარშილაძე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....