ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ელისო კილაძის შვილს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს,  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას ედავება, საქმე  260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, -ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით,  დავით ხარშილაძის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მის გათავისუფლებას მოითხოვს, ბრალდება კი დაცვის მხარის ვარაუდით, დაპატიმრების შუამდგომლობას დააყენებს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არის მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლიდანაც თითქოს ერთ-ერთმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, წავიდა რამდენიმე თანამშრომელი, დააკავეს და მას ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ამ მტკიცებულებებით თუ უნდათ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება, ეს საკმაოდ გაუჭირდებათ,“ – განაცხადა ადვოკატმა,  არჩილ ჩუბინიძემ.

დაკავებულის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მისი შვილი ხელისუფლების მძევალია:

„8-დან 20 წელი ძალიან დიდი თავხედობაა ბატონებო თქვენის მხრიდან. მე მინდა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, მე თქვენი არ მეშინია, “ქრონიკა პლუსი” ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიცი, რომ ჩემი შვილი არის თქვენი მძევალი. არანაირ საპროცესო გარიგებაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება, არანაირი პირობებით. ამიტომ, ვთხოვ პროკურატურას, რომ ამას ნუ შემომთავაზებენ,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

მისივე თქმით, საქმეს სტრასბურგის სასამართლოს გადასცემენ.

იტვირთბა....