ახალი ამბები

პოლონეთი და ესტონეთი აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს

13 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც მკაცრად გმობს აფხაზეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას, აფხაზეთის ტერიტორიაზე “საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებას, ასევე, წინასწარ განცხადებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და „რეფერენდუმს“  სამხრეთ ოსეთში.

„სეპარატისტული სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და თბილისის კანონიერი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის სადემარკაციო ხაზზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის  ნაბაკევი-ხურჩა და ორსანტია-ოტობაიას დახურვას.

2017 წლის 12 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარება და ასევე, 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და ცხინვალის რეგიონში,სამხრეთ ოსეთში ე.წ. „რეფერენდუმის“ გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის თანახმად, პროვოკაციული და არაკანონიერი ქმედებებია, რომლებიც ხორციელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული, სეპარატისტული მთავრობების მიერ, თბილისში ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც 8 წელზე მეტია ოკუპირებულია“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციის უცვლელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლონური მხარე მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ატარებს სუვერენული საქართვლოს კუთვნილი ტერიტორიის უკანონო ანექსიისათვის მზადების ნიშნებს, რამაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლებების ქმედებები არ უწყობენ ხელს რეგიონში უსაფრთხოების რთული ვითარების დარეგულირებას, დამატებით ართულებენ ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და აფერხებენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.

თავის განცხადებაში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდებს დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებისაკენ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის პოლიტიკური გადაჭრის მიღწევის მიზნით, რეგიონების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად რჩება.

აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელებში ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ე. წ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში, არაკანონიერია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზე.

იტვირთბა....