სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი გახარია “რუსთავი2”-თან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოში საკუთრების უფლების უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენი დავა სწორედ ამ ორი უფლების კომპოზიციური გაერთიანებაზეა იმიტომ, რომ საკუთრების უფლების წართმევა იყო პლატფორმა იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება წაერთმიათ. სიტყვის თავისუფლების წართმევა იყო მიზანი, მაგრამ სამართლებრივი კომპოზიციის თვალსაზრისით თანმდევი შედეგი საკუთრების უფლების წართმევის. ამიტომ ჩვენ სამართლიანი სასამართლოს უფლება რომ ჩამოგვერთვა, სწორედ საკუთრების უფლება დავკარგეთ ამის გამო და ამას მოჰყვა სიტყვის თავისუფლების დაკარგვის საშიშროება. ეს მივწერეთ სტრასბურგს და ეს არის გაზიარებული.
თუ სტრასბურგში ჩვენ გავიმარჯვებთ და იტყვიან, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გვქონია, საერთაშორისო კონვენციებითაც და ქართული კანონმდებლობითაც ეს უფლება გაუქმდება და საკუთრების უფლება დაუბრუნდება იმას, ვისიც იყო ამ დავის დაწყვებამდე და შესაძლოა, დავა მხოლოდ თავიდან დაიწყოს ან საერთოდ აღარც გაგრძელდეს. ამაზეა საუბარი და ტყუილად ლაპარაკობენ, რომ სტრასბურგი მე-4 ინსტანცია არ არის, საკუთრების უფლებას მაშინ რა ვუყოთ. აბსოლუტური აბსურდია ეს ყველაფერი სამართლებრივი თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით – სიბეცე,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.