შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში განვითარებული მოვლენები ხულოში ადგილობრივებთან საუბრისას შეაფასა:
„შეგვეძლო, გამოგვეყენებინა ძალა – ჩვენ გვაქვს იმის ძალაც და რესურსიც, რომ ის ხალხი დაგვეშალა, მაგრამ ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენ არ გამოვედით ბოლომდე, სანამ არ დაიწმინდა – ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა გარედან, რომ ეს ადამიანები, ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყვნენ მოსულები, წავიდოდნენ და დაიშლებოდნენ, იქ ადგილზე დარჩნენ კრიმინალები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მერე უკვე ჩავერიეთ. უფრო მეტად გვიღირს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე ორი და სამი დამწვარი მანქანა.
იმ შეურაცხყოფასაც ავიტანთ, რა შეურაცხყოფაც მოგვაყენეს – ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს და მაქსიმალურად ვიჩენთ ამ თმენის ვალდებულებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რაც შეგვეძლო – მოთმინებას ვგულისხმობ. დილისკენ, უკვე, როდესაც შეიმჩნეოდა, რომ კრიმინალების მეტი იქ არავინ იყო, ჩვენ გამოვედით და თუ დაზიანებულია ვინმე, დაზიანებული არიან ისევ პოლიციის თანამშრომლები. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. მე გაძლევთ იმის პირობას, რომ სიმშვიდე ყველგან იქნება – არა მარტო აჭარაში, მთელ საქართველოში. ჩვენ ძალაც გვაქვს, რესურსიც გვაქვს იმის, რომ ვიმოქმედოთ წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ წესრიგის დამყარებას, არ გვინდა, რომ ვინმეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწიროს, არ გვიღირს ამად. ვერ დავუშვებდით და ვერ მივცემდით საკუთარ თავის იმის უფლებას, რომ გავსულიყავით და უხეში ძალა გამოგვეყენებინა, შეიძლება მომხდარიყო ჭყლეტა, 100%-ით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები დაზარალდებოდნენ და დაზიანდებოდნენ ძალიან სერიოზულად“, – აღნიშნა მინისტრმა.
შს მინისტრი ბათუმში მძღოლების დაჯარიმების შესახებაც განმარტა:
„ჩვენ ვდგავართ თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე, პოლიცია თუ სადმე გაამკაცრებს წესრიგს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვერჩით, ეს იმას ნიშნავს, რომ პირიქით, წესრიგი უნდა იყოს, კანონმორჩილი ადამიანებისთვის რა არის – ნუ დაარღვევ კანონს და არც დაჯარიმდები, მაგრამ ვინც დაარღვევს კანონს, მან უნდა აგოს პასუხი. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რას ვაშავებთ და რას არ ვაშავებთ. ადეკვატურად უნდა ვუყუროთ ამას და ის გამოწერილი ჯარიმები არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვინმე ვინმეს ერჩის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.