„თუ საქმეს არ შეწყვეტენ, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პროკურატურას არაერთხელ მივმართე, შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამე ვიცი. ველოდები გამოძიებას, თუ არადა ამას მსვლელობა მიეცემა, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს, ვურჩევ, დაამთავრონ ეს სპექტაკლი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დეკანოზი ერთხელ უკვე დაკითხეს. მან გარკვეულ კითხვებს პასუხი მისი ოჯახის უსაფრთხოების გამო არ გასცა. მოგვიანებით, პროკურატურამ მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა, მათ შორის არის ჟურნალიტ ირაკლი მამალაძესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორის შემდგარი საუბრის ფარული ჩანაწერი. პროკურატურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ოჯახს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. დღეს დეკანოზის დაკითხვა იგეგმება, სადაც მოლოდიანია, რომ ის ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს.