საპატრულო პოლიციის მიერ წუხელ დაკავებული მძღოლი ჯიმი ბარსავიძე, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია, “აჭარის ტელევიზიასთან” კომენტარს აკეთებს და მომხდარზე დეტალურად საუბრობს. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს და მოსახლეობას სიმშვიდიკენ მოუწოდებს.
“მოვდიოდით მე და მამაჩემი ძმის საფლავიდან, აფთიაქთან გავაჩერე, ავარიული ჩართული მქონდა და ვთხოვე პატრულს ჯარიმის გარეშე გავეშვით, მაგრამ დაგვაკავეს. არავის არ ვუცემივართ, ისე გამოგვიშვეს. ძალადობას ადგილი მხოლოდ დაკავებისას ჰქონდა, ისე არავის ვუცემივართ. ხალხს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მძღოლმა, რომლის დაჯარიმებას ბათუმში აქციები მოყვა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ბათუმში მძღოლის დაჯარიმებას პოლიციასთან შელაპარაკება და დაპირისპირება მოჰყვა, რაც ჯიმი ბარსავიძის დაკავებით დასრულდა. აღნიშნული ფაქტი კი ადგილობრივებმა გააპროტესტეს, რაც მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ღამით აქციის დასაშლელად სიტუაციის დაძაბვის გამო, სპეცრაზმის გამოყვანა მოხდა, სადაც აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს.