ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ “ნაციონალურ მოძრაობის” წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან დიდი ალბათობით სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი ურევია. ეს განცხადება ბიბილაშვილმა პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ქვეყანაში არის უსამართლობის უზარმაზარი განცდა, არის ტოტალური უიმედობა, უპერსპექტივობის განცდა, დამცირებულობის განცდა, რისი შედეგიც არის, ის, რომ უბრალო საყოფაცხოვრებო ინციდენტი გადაიზარდა სახალხო პროტესტში.
მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა ორგანიზებულ და როგორც იკვეთება წინასწარ კარგად დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ, ძალადობრივ აქციაში. ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ალბათობით იკვეთება სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი. რომელიც ყოველთვის იყო ივანიშვილის ყველაზე მთავარი მოკავშირე აჭარაში,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული განვითარებული მოვლენები და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ორგანიზატორები და შემსრულებლები. მისვე თქმით, პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს.
ბიბილაშვილი ასევე ქართული ოცნების იმ განცხადებებსაც ეხმაურება, სადაც მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ პროცესების უკან ნაციონალური მოძრაობა იდგა.
„არავის გამოუვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გააიგივოს უკანონობასთან, ვანდალიზმთან და იმ უმსგავსობასთან, რომელიც გუშინ ხდებოდა. ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენ არანაირად არ მივიღებთ შენიშვნას, იმ მოღალატე ძალიან, რომელიც არის ქართული ოცნება, თითქოს ჩვენ რიტორიკის დონეზე მაინც, ოდესმე დავაზიანებთ იმას რაც ჩვენივე შექმნილია,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.