“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიმართა. ნიკა გვარამიამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მან კონკრეტული მოსამართლეების გადადგომაც მოითხოვა. ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “რუსთავი 2”-ს ვერ გააჩუმებს.
„ვზეიმობთ ძალიან დიდ გამარჯვებას, ომი დამთავრებული არ არის, ჩვენი ომი უთანასწოროა, ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის დამსახურება. ის “რუსთავი 2”-ს ებრძვის, ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. მან შეიძლება, ვიღაცეები გააჩუმოს, მაგრამ ვერ გააჩერებს ხალხს. “რუსთავი 2”-ი არის ხალხის ხმა და ვერ გააჩუმებს,“ – აღნიშნა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორს, საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპელ მოსამართლეებს, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ ქართველ მოსამართლეებს კი გაყიდული მონები უწოდა და მათი გადადგომა მოითხოვა.
ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლოს უნდა ჩამოშორდნენ: ნინო გვენეტაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი.
გვარამიამ და დასძინა, რომ ეს მოსამართლეები არ შეიძლება ლექციებს კითხულობდნენ. ამიტომ, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა სტუდენტებს მოუწოდა, არ დაესწრონ მათ ლექციებს.