ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის ინიციატივა: რას გულისმხობს მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი

“გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს იცავს და დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის გარანტია:

“მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.

ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება.

სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება. მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით.

მედიაომბუდსმენის ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს.

ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული.”-განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....