საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ევროპამ საქართველო „რუსთავი 2“-ის დამსახურებით, კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აღიარა.
„გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო. რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ერთად ევროპაში, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის. დღეს, ევროპამ საქართველო „რუსთავი 2“-ის დამსახურებით, კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აღიარა“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% მის კუთვნილ შპს „პანორამას” მიაკუთვნა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, დროებით შეაჩერა.