თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სესია მიმდინარეობს. სესია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა გახსნა.
გენერალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში.
პეტრ პაველმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზეც გაამახვილა ყურადღება და რუსეთს აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთისთვის მოწოდებას რომ უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ნატო მიესალმება საქართველოს მიერ სამხედრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და ჩვენი დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განმტკიცებას. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ნამდვილად სანდო სამხედრო პარტნიორს,“-განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა.
ნატო-ს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე ალიანსის მხარდაჭერის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემი ქვეყნის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის. დღეს ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ნატო-ს მხარდაჭერის შესამჩნევი დემონსტრირება რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიის გაგრძელებისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევის ფონზე. გადაწყვეტილება რომ ნატო-ს კომიტეტის შეხვედრა საქართველოში უკვე მეორედ ჩაეტარებინა, კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს სანდო პარტნიორად მოიაზრებთ,“-აცხადებს ლევან იზორია.