ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომამდე განაცხადა. მისი თქმით, არაპირდაპირი არცევის წესზე პარლამენტი შესაძლოა 7 წლის შემდეგ გადავიდეს:
„გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. ეროვნული თავდაცვის საბჭო საომარი მდგომარეობის დროს იფუნქციონირებს, მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი… ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს, ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა დღეს პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემაში ცვლილებები უნდა განიხილონ. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, თუმცა ეს 2018 წლის არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ოპოზიციის აზრით, მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვას ნიშნავს. ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს.