ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ პროკურატურამ სინოდს აჩვენა ის ფარული ვიდეოჩანაწერები, რომელშიც საუბარია საპატრიარქოს მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე. ამ ინფორმაციას არ დაეთანხმნენ სტუდიაში მყოფები, თუმცა, მოგვიანებით, მეუფე პეტრემ იმავე გადაცემის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ პროკურატურამ მართლაც მოაწყო საპატრიარქოში მსგავსი ჩვენება.
კითხვაზე, იკვეთება თუ არა ამ ჩანაწერებში დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა, ან საერთოდ მისი თანამონაწილეობა ამ საქმეში, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ აქ არ იყო ისეთი ფაქტები, რომელშიც გამოიკვეთებოდა მისი დანაშაული.
“ჩემი აზრით, გიორგი მამალაძე შესაძლოა დასჯილიყო, საეკლესიო მართლმსაჯულებით, რადგან ის უნებლიეთ აღმოჩნდა ამ საქმეში…” – განაცხადა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების მოტივით აეროპორტში დააკავეს.