ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ციანიდის საქმე: “რა სქემით და გეგმით მოქმედებს ხელისუფლება”

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების ხელი ურევია. “აიპრესთან” საუბრისას იურისტმა განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებს ამ საქმესთან დაკავშირებით სხვანაირად ვერ ხსნის.

“ჯერ გამოძიება, ალბათ, ორიოდე საათის დაწყებული იყო და ჯერ პრემიერ-მინისტრი, შემდეგ იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები, “ქართული ოცნების” მთელი ელიტა, პოლიტიკური თანამდებობის პირები გამოდიან, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას დაკავებული მამა გიორგისადმი, აცხადებენ, რომ სახელმწიფო გადარჩა რაღაც კატასტროფას, პატრიარქის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და ასეთი კატასტროფა აიცილეს. უდანაშაულობის პრეზუმფციის ასეთი იგნორირება, მთელი მთავრობის ასეთი ორკესტრირებული გამოსვლებ, რა თქმა უნდა, მიუთითებს, რომ აქ რეალურ სამართალწარმოებასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის რაღაც სქემა, გეგმა, რომელიც მიმართულია იმ ინსტიტუტის გაკონტროლებისკენ, იქ საკუთარი ნების გავრცელებისკენ, რომლის წარმომადგენლის პასუხისმგებლობის ირგვლივ ხდება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ასეთი უკანონო მოქმედებები.

შემდეგ, ეს აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი მიდგომა, რაც სამართლებრივ სახელმწიფოში წარმოუდგენელია. პრემიერმინისტრის და პროკურორის ვიზიტები საპატრიარქოში. შემდეგ ის გარემოება, რომ ადვოკატებს არ აქვთ უფლება ინფორმაცია საჯარო გახადონ, ანუ, გაუთქმელობის ხელწერილით არიან შეზღუდულები და ამ დროს ინფორმაციებს იღებს მთავრობის წარმომადგენლები. ამ ინფორმაციებს უზიარებენ ეკლესიის წარმომადგენლებს. აქ საერთოდ აღარ არის საუბარი რაიმე სახელმწიფოებრივ ხედვაზე, რაიმე სამართლებრივ სახელმწიფოზე. ეს არის ერთი პარტიის გაშმაგებული მოქმედებები, რომელიც იმართება ერთი ხელიდან რაღაც საკუთარი ნების გავრცელების ყველასა და ყველაფერზე.

ასეთ დიქტატორულ მმართველობას ქართული საზოგადოება ვერ აიტანს. ის შეიძლება ცოტა ხნით დაიბნეს, ცოტა ხნის მოტყუვდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ყველასთვის მალე ცხადი გახდება. უბრალოდ, “ქართულ ოცნებას” გაცილებით მაღალ ხარისხში აყავს ის უსამართლობის, არასახელმწიფოებრივი მიდგომის ყველა გზა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების დაკარგვამდე მიიყვანა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც”, – განაცხადა შავგულიძემ.

ipress.ge

იტვირთბა....